უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკებები გამართეს როგორც ვიწრო ფორმატში, ისე ორი ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების მონაწილეობით, - ინფორმაციას უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ჩვენი სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უზბეკეთის პრეზიდენტის მიმდინარე ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველია და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უზბეკურ-ქართული ურთიერთობების ახალ, თვისობრივ დონეზე აყვანისთვის.
მხარეებმა განიხილეს პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სატრანსპორტო-სატრანზიტო, ტურიზმის, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.
კმაყოფილებით აღინიშნა ყველა დონეზე არსებული დინამიური კონტაქტები. მხარეებმა მხარი დაუჭირეს აქტიური მთავრობათაშორისი, საპარლამენტო, ბიზნეს და კულტურული გაცვლების გაგრძელებას.
გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 270 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. შეთანხმდა ცალკე "საგზაო რუკა", რათა უახლოეს წლებში ეს მაჩვენებელი 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს, აღმოიფხვრას სავაჭრო დისბალანსი და გაიზარდოს მოთხოვნადი პროდუქციის ურთიერთმიწოდება, მათ შორის, ერთობლივი ინდუსტრიული გამოფენების ჩატარების გზით.
განიხილეს სატრანსპორტო-სატრანზიტო თანამშრომლობის გაძლიერებისა და ამ მნიშვნელოვან დარგში პოტენციალის სრული ათვისებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფოთისა და ბათუმის პორტების ინფრასტრუქტურის აქტიურად გამოყენების ზომებს შიდა ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. მხარდაჭერილ იქნა გეგმები ლოგისტიკური ჰაბის შექმნის შესახებ, რომელშიც განთავსდება სამრეწველო ზონა და უზბეკური პროდუქციის შოურუმი.
სახელმწიფოს მეთაურმა მიესალმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნის ამოქმედებას. შეთავაზებულ იქნა მისი დაკავშირების შესაძლებლობის შესწავლა ამჟამად მშენებარე ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო ხაზთან.
თანამშრომლობის ცალკე პრიორიტეტად განისაზღვრა სამრეწველო კოოპერაცია. მაღალი შეფასება მიეცა წინა დღით გამართული ერთობლივი ბიზნესფორუმის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა 2027 წლამდე თანამშრომლობის პროგრამას.
შეთანხმებები მიღწეულ იქნა ახალი პროექტების განხორციელებაზე სოფლის მეურნეობის, ელექტროტექნიკის, ენერგეტიკის, ფარმაცევტული, კვების, მსუბუქი მრეწველობის, სამშენებლო მასალების წარმოების, ციფრული ტექნოლოგიების, IT სექტორის განვითარების, ციფრული ბანკინგისა და ტურიზმის სფეროებში. აღნიშნული პროექტების მხარდასაჭერად, შეთავაზებულ იქნა ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნა.
კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები აქტიურად ფართოვდება. მიმდინარე წლის მარტში ტაშკენტში წარმატებით ჩატარდა ქართული კულტურის დღეები. უზბეკეთის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიმართ თბილისის ერთ-ერთი პარკისთვის უზბეკი პოეტის, ალიშერ ნავოის სახელის მინიჭების გადაწყვეტილების გამო. მიმდინარე წელს უზბეკეთში დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო და ტურისტული ფორუმების ჩატარება.
ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის შესახებ. მოლაპარაკებების დასასრულს მომზადდება ერთობლივი „საგზაო რუკა“ მიღებული გადაწყვეტილებების განსახორციელებლად," - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.