რატომ არ არის ბენზინის ფასი უფრო დაბალი? კონკურენციის სააგენტო ნავთობის იმპორტიორების კეთილსინდისიერებას სწავლობს. სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ აქამდე მონიტორინგი მიმდინარეობდა, ახლა მოკვლევის ეტაპზე გადავიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასზე კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.
სანამ კონკურენციის სააგენტო ბაზრის შეფასებას დადებს, იქამდე პრემიერმა საწვავის ფასის 20-30 თეთრით გაიაფება დაანონსა და თქვა, რომ პირობა იმპორტიორებისგან აქვთ, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ამ იმპორტიორების საქმიანობას შესაბამისი უწყება სწავლობს.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ბაზრის მოკვლევა მალე დაიწყება.
"ბაზარზე იყვნენ მსხვილი კომპანიები და იმპორტიორები, რომლებსაც შეეძლოთ ბაზარზე უკეთესი ფასი ჰქონოდათ. ახლა უნდა გავარკვიოთ რამდენად იყო მათი ქმედებები კეთილსინდისიერი", - აცხადებს ლექვინაძე.