25 მარტი 2023,   11:25
ვრცლად
"იყვნენ ნახალოვკელები და საბურთალოელები, მხარი გაკრა ვიღაცამ ვიღაცას და ამის შემდეგ დაიწყო კონფლიქტი" - ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის შესახებ "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის შესახებ "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია - ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დაპირისპირება ორ სხვადასხვა უბანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მოხდა. შელაპარაკება მხრის გაკვრით დაიწყო - ჩხუბის დროს კი 20 წლის ბიჭს დანა გულში მოხვდა. მას არსებული ინფორმაციით, ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, ახალგაზრდების უმეტესობა იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. თავდაპირველად, დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტი მხრის გაკვრის გამო მოუვიდათ, ამის შემდეგ მათ კონფლიქტი ამოწრეს, თუმცა რამდენიმე საათში გადაინაცვლეს სახლის გარეთ - ეზოში, სადაც რამდენიმე წუთში დანაშაულის ჩამდენმა პირმა 20 წლის ახალგაზრდას დანით გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 20 წლის ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია "კურიერს" ერთ-ერთმა ადვოკატმა დაუდასტურა, რომელიც გამოკითხული მოწმის უფლებადამცველია.

"კონფლიქტი დაიწყო ძალიან მარტივად, დაბადების დღეზე იყვნენ ნახალოვკელები და საბურთალოელები, მხარი გაკრა ვიღაცამ ვიღაცას და ამის შემდეგ დაიწყო ეს აბსოლუტურად უაზრო კონფლიქტი. მანამდე რაღაცა შერიგების მსგავსი იყო, შერიგდნენ, ბოდიშები მოიხადეს, თითქოს დაწყნარდა ყველაფერი და ძალიან უცებ მოხდაო ყველაფერი, ზუსტად მაგ მომენტში ეტყობა მაინც გააგრძელეს ეს კონფლიქტი. როდესაც მოხდა ეს მკვლელობა, ეგრევე გაიქცნენ ადგილიდან. ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული ზუსტად მკერდის არეში. ძალიან მალევე გარდაიცვალა მანქანაში, საავადმყოფოში რომ მიდიოდნენ. პოლიცია გამოიძახა იუბილარის დედამ, რომელიც ესწრებოდა წვეულებას, უყურებდა ყველას, ყურადღებას აქცევდა, მაგრამ უბედურება მაინც დატრიალდა", - განაცხადა ადვოკატმა ფიქრია მახარაძემ.

ასევე "კურიერმა" ჩაწერა მოზარდის დედა, ვისი წვეულებაც იყო. ჩვენი ინფორმაციით, დაბადების დღეზე ახალგაზრდები მარტო არ ყოფილან. იუბილარის დედა აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე დროულად მივიდა.

"როდესაც გამოძიება დამთავრდება ყველაფერს გაიგებთ. ახლა ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ბავშვები მარტო არ ყოფილან, მეც იქ ვიმყოფებოდი. რა მოხდა მე თვითონაც არ ვიცი, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ, გამოძიება მიმდინარეობს. გამოძახებული იყო 112, მოვიდნენ დროულად. საკმაოდ კარგად მუშაობს პოლიცია და აუცილებლად დაისჯება მკვლელი და აუცილებლად იპოვიან, ვინც არის", - განაცხადა ქეთა არაბულის დედამ, სოფო ჩოხელმა.

საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 7 პირი. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის და ასევე ხულიგნობის მუხლით.

"ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით, ვიდრე უშუალოდ აღკვეთი ღონისძიება არ განიხილება", - განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა.

ერთ-ერთი ახალგაზრდას ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უშუალოდ მკვლელობის ფაქტს არ შესწრებია.

"ათეულობით ახალგაზრდა მიწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ ამ დაბადების დღეზე. სრულიად გაუგებარი მიზეზით გარკვეული კონფლიქტი მოხდა ახალგაზრდებს შორის, ამის მიზეზი ნამდვილად არ იცის რატიმ. თვალსაჩინოდ შეუძლია თქვას ის, რომ ნამდვილად ცდილობდა ახალგაზრდების გაშორი-შორებას და მას ფიზიკური ზემოქმედება არავისზე არ განუხორციელებია.

რაც შეეხება უშუალოდ ამ დიდ ტრაგედიას, რასაც კუკავას გარდაცვალება მოჰყვა, ამასთან მიმართებაში საერთოდ არაფერი არ არის ცნობილი, უშუალოდ ფაქტს არ შესწრებია და არც არავის არ აქვს პრეტენზია, რომ რატის შეეძლო რამეს მნახველი," - განმარტა ადვოკატმა შოთა მანელიძემ.

საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან დაკავშირებით გრძელდება. სავარაუდოდ, სამართალდამცავები დღის ბოლოს სხვა პირებსაც გამოკითხავენ, რომლებსაც შესაძლოა ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია ჰქონდეთ. "კურიერის" ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ გამოკითხულია 32 პირი.

დღის ამბები