24 სექტემბერი 2026,   23:35
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ლუქსემბურგში - ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების მიზანი ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება და ევროკავშირთან დიალოგის რეჟიმში დაბრუნებაა

ბრიუსელის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და დელეგაციის წევრების მასპინძელი ლუქსემბურგია. ევროპის შუაგულში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მთავარი მიზანი, შალვა პაპუაშვილის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება და ევროკავშირთან დიალოგის რეჟიმში დაბრუნებაა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე დიალოგს, ურთიერთპატივისცემასა და სამართლიან მიდგომებს ალტერნატივა არ აქვს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში ინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად შეჩერების გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს.

ორ კვირაში, ლუქსემბურგი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილად იქცევა, ამ ფონზე კი, დელეგაციის წევრების თქმით, უფრო მნიშვნელოვანია წევრი სახელმწიფოების ინფორმირება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს პოზიციებისა და პოლიტიკის, ასევე ბრიუსელის უსამართლო მიდგომების შესახებ მასპინძელმა ბევრი რამ სრულყოფილად არ იცოდა.

ორ ქვეყანას შორის არსებული ბიზნესკავშირების განვითარება, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, ოკუპირებული ტერიტორიები, კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ საკითხებისა, რომელზეც ქართული დელეგაციისა და ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებმა გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაზე იმსჯელეს. უცხოელ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ, "ქართული ოცნების" ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობის აღდგენის ხანგრძლივი და საქმიანი პროცესი უკვე დაიწყო.

ბელგიასა და, შემდეგ, ლუქსემბურგში მაღალი დონის ვიზიტით, ქართველი კანონმდებლების თქმით, დადასტურდა, რომ საქართველო მზად არის ბრიუსელთან თანამშრომლობისთვის, თუმცა არა ცალმხრივად. ობიექტურობა, სამართლიანობა და თანასწორობა - ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელსაც, დელეგაციის წევრების განცხადებით, ხანგრძლივი და მყარი თანამშრომლობა ეფუძნება.

ლუქსემბურგამდე, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დელეგაციის წევრები ბრიუსელში იმყოფებოდნენ. მასპინძელი მხარის მიწვევით, ქართველი კანონმდებლები ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებს შეხვდნენ, სადაც მთავარი თემა საქართველოს ევროპული მომავალი და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები იყო.

დღის ამბები