



პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში, ქალაქ ტყიბულის კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების ურბანული განახლება დასრულების ეტაპზეა. რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიან შენობებს.
სამუშაოები მოიცავს შენობების არსებული კარ-ფანჯრის იზოპროფილის ვიტრაჟებით შეცვლას, შენობის ფასადზე თბოსაიზოლაციო კომპონენტების გაძლიერებას, მიმდებარე საფეხმავლო ზოლის მოწესრიგებას, მიმდებარე სკვერების კეთილმოწყობასა და ბავშვთა გასართობი სივრცეების განახლებას.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს. მათ შორისაა, სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, სკოლა თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნების დაცვით განახლდება და 350 მოსწავლის მომსახურებას შეძლებს.
ევროკავშირის "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამით" კი, ქალაქში რეკრეაციული ზონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.