02 აპრილი 2023,   01:07
ვრცლად
პროსტიტუცია თბილისის სასტუმროებში და ნივთმტკიცებად ამოღებული დიდი ოდენობით თანხა - დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრი დაკავებულია

ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ფაქტზე, 9 პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები თბილისში მდებარე სასტუმროებში - "საბუდარასა" და "არგოში" იკრიბებოდნენ და ადმინისტრაციის მითითებით, სასტუმროში მისულ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ.

გამოძიება აცხადებს, რომ "არგოსა" და "საბუდარას" ადმინისტრატორები ორგანიზებას უწევდნენ მამაკაცებისა და ქალების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ მიზნით ისინი სასტუმროს ნომრებს საათობრივად აქირავებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს როგორ მიდის მოლაპარაკება სასტუმროში მისულ პირებსა და პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს შორის სექსუალური მომსახურების ფასზე. ასევე არის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, სადაც ამ თემაზე  სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლები საუბრობენ.

დაკავებულებს შორის არიან 1980 წელს დაბადებული გ. ფ., 1968 წელს დაბადებული კ.მ., 1960 წელს დაბადებული მ.ლ. 1981 წელს დაბადებული ა. მ., 1978 წელს დაბადებული ლ.მ, 1968 წელს დაბადებული ი.ბ., 1978 წელს დაბადებული თ.ბ., 2000 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1976 წელს დაბადებული გ.მ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკისას შედეგად, დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, ასევე, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას.

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული სასტუმროები დღეისთვის დაკეტილია, როგორც მის მიმდებარე ოფისებში მომუშავე პირები აცხადებენ, სასტუმროები საგამოძიებო მოქმედებების გამო დაილუქა. დამატებითი დეტალებზე საუბრისგან კი თავს იკავებენ.

ამ დროისთვის ცხრავე დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

დღის ამბები