აჭარაში გამოძალვის ბრალდებით დაკავებული 3 პირი საქმე - პოლიციამ ფარული ვიდეო - ჩანაწერები გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ სძალავენ ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფულს.
"კურიერი" ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელს ესაუბრა, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას უარყოფს და აცხადებს, რომ მის ახლობელს არაფერი დაუშავებია.
"გუშინ ჩატარდა სასამართლო, სასამართლოზე არ შეგვიშვეს, არ დავსწრებივარ. აბრალებენ, არაფერი არ დაუშავებია მაგ ბავშვს", - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ნათესავმა თამაზ ქოჩალიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
ცნობისთვის, აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს სამართალდამცველებმა. გამოძების ინფორმაციით, დაკავებულები თანხას სძალავდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კომერციულ საქმიანობას ეწეოდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.