15 ივნისი 2026,   01:14
ვრცლად
ნათესავებმა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავის მოსაგვარებლად, კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს - ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით, 8 პირი დააკავეს, ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით, 8 პირი დააკავეს, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

გამოძიების ინფორმაციით, ნათესავებმა, რომელთაც დავა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ჰქონდათ, საქმეში ე.წ ქურდული სამყაროს ავტორიტეტები ჩართეს. პოლიციამ ფარულად გადაღებული ვიდეოებიც გაავრცელა.

ფარულ ვიდეოჩანაწერში ჩანს ფინანსურ დავაში მონაწილე პირები, მათ შორის ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ფარული ჩანაწერების მიხედვით, ის ფიზიკურად უსწორდება შეხვედრაზე მყოფ ერთ-ერთ მამაკაცს და ემუქრება.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს, აქ მკაფიოდ ისმის თუ როგორ ცდილობენ და გეგმავენ ფინანსური დავის მოგვარებას კრიმინალური ავტორიტეტები, შემდეგ უკვე გეგმავენ თუ როგორ გადაინაწილონ ეს თანხა. ჩანაწერების მიხედვით, საუბარია 5 ათას ლარზე.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, გამოძიების ინფორმაციით, ეს არის კონფლიქტი ნათესავებს შორის და ეხება მიწის ნაკვეთს. 

საგამომძიებლო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოიღო როგორც კომპიუტერული ტექნიკა, ფული, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებები.  

"ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები