მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის საკითხი დღეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს. ბრალდებულის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და დაკავებულის აღმკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.
"ნამდვილად არ აღმოჩნდა ის საკმარისი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რის საფუძველზეც შეიძლებოდა ასეთი დასკვნის გაკეთება. წინააღმდეგობრივი გარემოებები არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და შეფასებული. გამოძიებით ცნობილია თუ ვინ მიიტანა დანა შემთხვევის ადგილზე, ვის ჰქონდა ჩხუბის დროს დანა, ვის ეცვა შემდგომ სისხლიანი ტანსაცმელი.
პოზიცია არის ის, რომ ამ ბავშვს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, არანაირი გირაო და არანაირი აღმკვეთის ღონისძიება მას არ უნდა შეეფარდოს და უნდა დარჩეს აღმკვეთის ღონისძიების გარეშე - ეს იქნება ჩვენი მოთხოვნა სასამართლოზე," - აცხადებს ადვოკატი.
პროკურორ ბაქარ შიოშვილის თქმით, პროკურატურა, სასამართლოს, ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 მაისს, თბილისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა, განზრახ მკვლელობის მიზნით, 15 წლის მოზარდს დანით ჭრილობები მიაყენა. პროკურატურა, ბრალდებულისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." - განაცხადა პროკურორმა.
მე-10 კლასელ ბიჭს მისივე თანატოლის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი, სამი დღის წინ, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, ავტოფარეხში მოხდა. მძიმედ დაჭრილი მოზარდი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.