04 დეკემბერი 2021,   14:33
ვრცლად
"მითხრა, რომ ცხოვრებას დამინგრევდა და პატარა ძმას მოკლავდა..." - გორში ახალგაზრდა ქალი მოიტაცეს

გორში ახალგაზრდა ქალი ქორწინების მიზნით მოიტაცეს. დაზარალებულის განცხადებით, ის სახლიდან იძულებით გაიყვანეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და უმცროსი ძმის მოკვლით დაემუქრნენ.

"ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ძალის გამოყენებით ჩამსვეს მანქანაში და გამიტაცეს, იყო უფრო მეტად შურისძიების მოტივი, რადგან მე არ ვყოფილიყავი ბედნიერი. ამ ყველაფერს თან უძღოდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემეხო ხელით, მითხრა რომ ცხოვრებას დამინგრევდა და ჩემს პატარა ძმას მოკლავდა," - აცხადებს დაზარალებული ახალგაზრდა ქალი.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის, ალექსი მერაბიშვილის თქმით, დაზარალებული ქალის გატაცება ჯგუფის მიერ განხორციელდა. უფლებადამცველს პრეტენზიები პროკურატურასთანაც აქვთ:

"სამწუხაროა, რომ პროკურატურა დღემდე არ ახორციელებს დამამძიმებელი გარემოების გამოკვეთას, როგორიცაა გენდერული ნიშანი, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას გამოკვეთოს ეს დამამძიმებელი გარემოება და მაქსიმალურად კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ დამნაშავეები," - განაცხადა ალექსი მერაბიშვილმა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, საქმეში მონაწილე 1 პირი დაკავებულია, მეორე მამაკაცმა კი მიმალვა მოასწრო.

დღის ამბები