მოდერნიზებული, თანამედროვე და გამართული სარკინიგზო სისტემა საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, უფრო მეტად გააძლიეროს საკუთარი როლი სატრანზიტო მიმართულებით. რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ რკინიგზა ქვეყნისთვის, ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია და ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო არტერიად რჩება. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა იმ ინვესტიციაზე, რომელსაც სახელმწიფო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 2032 წლამდე განახორციელებს.
საქართველოს რკინიგზა, რომ ეკონომიკური განვითარების, რეგიონული მიმოსვლისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია - ვიცე პრემიერმაც აღნიშნა. მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა და ის სტატისტიკური მაჩვენებლები წარმოადგინა, რაც რკინიგზის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას მოწმობს.
საქართველოს რკინიგზაში ახალი მენეჯმენტის მუშაობის პირობებში, შეიცვალა კომპანიის მართვის მიდგომები. გაუმჯობესდა საოპერაციო პროცესები, შემცირდა ხარჯები და დაზოგილი რესურსი კომპანიის განვითარებას მოხმარდა. შედეგად მიმდინარე წლის ცხრა თვეში, რკინიგზის მოგება გაორმაგდა, სატვირთო გადაზიდვები კი 13 პროცენტით გაიზარდა. პირველი იანვრიდან სარკინიგზო ხაზზე მომუშავე ყველა თანამშრომელს ხელფასი 20%-ით მოემატება.
ღონისძიების ფარგლებში, რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, საპატიო რკინიგზელები "ერთგული სამსახურისთვის" დააჯილდოვა.
საქართველოს რკინიგზის ისტორია 154 წელიწადს ითვლის. ეს ისტორია 1872 წლიდან იწყება, როდესაც ფოთიდან თბილისის მიმართულებით პირველი მატარებელი დაიძრა.