23 ივლისი 2021,   23:53
ვრცლად
19 წლის ფეხბურთელის სასტიკი მკვლელობა და ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე - დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა 

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. გიორგი შაქარაშვილის ოჯახი და ახლობლები დღეს 19 წლის ფეხბურთელის საფლავთან შეიკრიბნენ.

გიორგის მკვლელობისათვის სასჯელს ხუთი ახალგაზრდა იხდის. ხანგრძლივი და ხმაურიანი პროცესების შემდეგ მოსამართლემ არასრულწლოვნებს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა, სრულწლოვან ბრალდებულებს ვახო ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს კი 16-16 წლით.

ზუსტად ერთი წლის წინ, 19 ივნისის დილას გახდა ცნობილი, რომ გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა. არაგვის ხეობაში მას 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

დაპირისპირება, რომელსაც საბოლოოდ გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა, მცხეთაში მოხდა. აგარაკის ინციდენტში ახალგაზრდა ფეხბურთელი არ მონაწილეობდა. ჩაშლილი წვეულების გასაგრძელებლად ის რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად, თბილისში ბრუნდებოდა. გზად მათ პირველი ინციდენტის დროს დაშავებული ვახო ჩიქოვანი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ და სცემეს. გიორგი გაიქცა, თუმცა თავდამსხმელების ალყაში აღმოჩნდა, არაგვის ხეობაში დამალვა სცადა, თუმცა იქაც მიაგნეს.

გამოძიების მტკიცებით, "ტოიოტა ქამრის" ხუთივე მგზავრი მას მდინარესთან სასტიკად გაუსწორდა და წყალში გადააგდო. გიორგიმ ცურვა არ იცოდა, ის ყველამ მიატოვა. ექსპერტიზამ გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია დაასახელა.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო წესით ასაჩივრებენ. პირველი სხდომა 6 ივლისს არის ჩანიშნული. გიორგის დედას შვილის მკვლელობის შესახებ ჩვენების მიცემა სავარაუდოდ კიდევ ერთხელ მოუწევს.

ავტორი: ხათუნა გაგნიძე 

დღის ამბები