10 ოქტომბერი 2026,   21:11
ვრცლად
დავით სონღულაშვილი: გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომელიც მეღვინეებს საკუთარი პროდუქციის წარმოჩენისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას აძლევს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო.

წელს, ფესტივალის 10 წლის იუბილე აღინიშნა და ტრადიციულად, გურჯაანში, ახტალის პარკში გაიმართა. საიუბილეო წლის მთავარი გზავნილი „თანამედროვე მემკვიდრეობა“ იყო, რომელიც 8000 წლიან ქართულ მეღვინეობასა და თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამდა ხაზს.

"ვულოცავ გურჯაანის ღვინის ფესტივალს 10 წლის იუბილეს. წლების განმავლობაში ფესტივალი მნიშვნელოვან ტრადიციად ჩამოყალიბდა და ქართველი მეღვინეების, მევენახეებისა და მეწარმეებისთვის საკუთარი პროდუქციის წარმოჩენის, მომხმარებელთან შეხვედრისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მათი ბიზნესის განვითარებას. წელს, ფესტივალზე 500-ზე მეტი მეწარმეა წარმოდგენილი, რაც ღონისძიების მასშტაბურობასა და მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ფესტივალი უამრავ ქართველ და უცხოელ სტუმარს მასპინძლობს და კახეთს შემოდგომის პერიოდში განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რეგიონის სტუმართმასპინძლობის ტრადიციას და ხელს უწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციასა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მეღვინეობის განვითარებასა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ემსახურება. ღონისძიება სხვადასხვა რეგიონის მეღვინეებსა და ღვინის მწარმოებლებს აერთიანებს და სტუმრებს ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქვევრის ღვინის, როგორც UNESCO-ს მიერ აღიარებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის, პოპულარიზაცია, ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის, განვითარების ხელშეწყობა და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ცნობადობის გაზრდა.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო და სხვა სასმელები, გაცნობოდნენ ადგილობრივ პროდუქციასა და ტრადიციული რეწვის ნიმუშებს. ღონისძიების პროგრამა ასევე მოიცავდა ეთნოგრაფიულ და მეწარმეობის სივრცეებს, კულინარიულ მასტერკლასებს, თათარაობას, კახური მწვადის კუთხესა და სომელიეთა შოუს.

ფესტივალი წლების განმავლობაში ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის, მეღვინეების მხარდაჭერისა და მცირე მარნების წარმოჩენის მნიშვნელოვან სივრცედ ჩამოყალიბდა. ღონისძიება ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეობის გაძლიერებას, ღვინის ტურიზმის განვითარებასა და საქართველოს მდიდარი კულტურული ტრადიციების წარმოჩენას.

დღის ამბები