16 ივნისი 2026,   11:04
ვრცლად
რომელი ოფისიდან საქმიანობდა ჯგუფი, რომელიც კრიპტოვალუტით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფულს სძალავდა - "კურიერმა" დამატებითი დეტალები გაარკვია

"კურიერმა" გაარკვია, რომ დანაშაულებრივ-ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც კრიპტოვალუტით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფულს სძალავდა, King David-ის ბიზნეს ცენტრის მეხუთე სართულზე განთავსებულ ერთ-ერთი ოფისში ეწეოდა საქმიანობას. მათი მეორე ოფისი კი, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარეობს.

King David-ის ბიზნეს ცენტრის უსაფრთხოების სამსახურში არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება იყოს დაკავებულს შორის

"არ ვიცი, საერთოდ, ეგეთი რაღაც თუ ხდებოდა. ზოგადად, აქ ძალიან ბევრ ოფისი და კომპანია არის და ყველას დასახელება ჩვენ თვითონაც არ ვიცით. აქ თუ რამე ოპერაცია ჩატარდა, უსაფრთხოების სამსახურს აუცილებლად გვეცოდინებოდა," - განაცხადეს King David-ის ბიზნეს ცენტრის უსაფრთხოების სამსახურში "კურიერთან" საუბარში.

დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ და მათ ადვოკატებსაც გადაეცათ ინფორმაცია ბრალდებასთან დაკავშირებით. ადვოკატების თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ასევე, არ ადასტურებენ ერთმანეთთან ნაცნობობას.

"გამოძიება თაღლითობას ედავება, მაგრამ არავითარი თაღლითობა არ არის. მოსამართლე იყო ძალიან არაობიექტური და ტენდენციური. არ უნდა დაეპატიმრებინა... არ ჩაუდენია არაფერი, როგორ უნდა აღიაროს," - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულებრივ-ორგანიზებული ჯგუფი კრიპტოვალუტით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფულს სძალავდა. დაკავებულია 11 პირი. გამოძიების ინფორმაციით, სქემის ავტორი იყო ისრაელის მოქალაქე, რომელმაც 2 წლის წინ ორგანიზებული ჯგუფი შექმნა. უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს უცხო ენების მცოდნე პირები, მათი მთავარი მისია იყო მოქალაქეებთან დარეკვა, კრიპტოვალუტის შეთავაზება, მათი ვებგვერდზე დარეგისტრირება და შეძენილი კრიპტოვალუტის, არა კლიენტების, არამედ ჯგუფის ანგარიშზე დასმა. ისინი თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ათეულობით მოქალაქის თანხას.

ამ ეტაპზე, საუბარია, 620 ათას ევროზე. პარალელურად, ჯგუფის წევრების ნაწილმა შეიძინა ძვირადღირებული მანქანები და უძრავი ქონება, რაც გამოძიებამ უკვე დააყადაღა. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ "რუსთავი2-მა" გაარკვია, ვინ ხელმძღვანელობდა საერთაშორისო კრიპტოთაღლითობას საქართველოში.

დღის ამბები