15 ივნისი 2026,   23:46
ვრცლად
"წითელი ხიდის" საბაჟოზე ლითონის კარებში დამალული მილიონობით ლარის კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს

"წითელი ხიდის" საბაჟოზე ბელარუსის ნომრებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი გამთენიისას შევიდა. ერთი შეხედვით ავტომობილს საეჭვო არაფერი ეტყობოდა. სატრანსპორტო დოკუმენტაციაში ეწერა, რომ მისაბმელში მხოლოდ 290 ცალი ლითონის კარი იყო მოთავსებული.

მალევე გაირკვა, რომ ლითონის კარები კონტრაბანდული სიგარეტის სამალავებს წარმოადგენდა. ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ტვირთის შიგთავსი შეამოწმეს და 433 840 არადეკლარირებული, უაქციზო თამბაქო აღმოაჩინეს.

ბელარუსული წარმოების სიგარეტის საერთო ღირებულება 2 429 504 ლარია.

ცნობილია, რომ არადეკლარირებული თამბაქო სამი სხვადასხვა დასახელების იყო, კერძოდ "მენტოლ ქვინი", "ენზი" და "მინსკი".

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი ფინანსთა სამინისტროს მებაჟე ოფიცრებმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით აღკვეთეს. ცნობილია უკანონო ტვირთის მარშრუტიც. კონტრაბანდით დატვირთული სატვირთო საქართველოს გავლით ჩეხეთში უნდა ჩასულიყო.

საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უკვე გადაეცა. კურიერის ინფორმაციით, გამოძიება 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები