24 ოქტომბერი 2026,   14:35
ვრცლად
გავიხსენით მილიონობით ლარის ზარალით, ვფიქრობ სახელმწიფომ საგადასახადო შეღავათები უნდა დაგვიწესოს - ფიტნესკლუბ "ოკტოპუსის" დამფუძნებელი

მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან ფიტნესკლუბები მუშაობას ანახლებენ, სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. 

ფიტნესკლუბ "ოკტოპუსის" დამფუძნებელი გიორგი ასათიანი აცხადებს, რომ რამდენიმეთვიანმა პაუზამ მათ მილიონობით ლარის ზარალი მოუტანა და აუცილებელია სახელმწიფომ გარკვეული საგადასახადო შეღავათები ამ სფეროშიც დააწესოს.

"დღეს დილიდან შევუდექით მუშაობას. ჩვენი მომხმარებელი დაგვიბრუნდა და ძალიან დიდი დაინტერესებაა, რადგან დილიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის მომხმარებელი მოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ, ძალიან სასიხარულო დღეა ჩვენთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის, მეორე მხრივ, გავიხსენით მილიონობით ლარის ზარალით, რაც გულისხმობს იმას, რომ გახსნის შემდეგ საკმაოდ მძიმე ფინანსური სიტუაცია ექნებათ ფიტნესკლუბებს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ აუცილებელია სახელმწიფო გვერდით დაგვიდგეს და გაგვიკეთოს იმ ტიპის საგადასახადო შეღავათები, რაც გაკეთდა, თუნდაც ტურისტულ სექტორზე,"- აცხადებს გიორგი ასათიანი. 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან შეზღუდვების მოხსნის ახალი ეტაპი დაიწყო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რეგულაციების მაქსიმალური დაცვით, დღეიდან ფუნქციონირებას იწყებს ფიტნესკლუბები და საცურაო აუზები. სტუდენტები სწავლას აუდიტორებში განაგრძობენ. რეპეტიციების განახლების უფლება ეძლევათ თეატრის მსახიობებსაც. იხსნება მუზეუმები.

დღის ამბები