პირველი ნერგი და პირველი ნაბიჯი მწვანე მომავლისთვის - პირველკლასელებმა ნერგები ბორჯომის სანაპიროს სკვერში დარგეს. გამწვანების პროცესში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით ნერგები დარგეს რაჭაშიც. გამწვანების ღონისძიებები რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში გაიმართა და მხოლოდ დღეს, 340-ზე მეტი მცენარე დაირგო. ინიციატივის მიზანია, მომავალმა თაობამ ადრეულ ასაკში გააცნობიეროს საკუთარი როლი გარემოს გაუმჯობესებაში.
ნერგების დარგვის პარალელურად მოსწავლეები შემეცნებით აქტივობებშიც მონაწილეობენ. კასპში სპეციალური ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო, რომლის მთავარი თემა ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობა იყო. ღონისძიების ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტებიც.
საცხოვრებელი უბნები, სკოლების ეზოები და რეკრეაციული ზონები - კონკრეტული ადგილები სადაც ნერგები დაირგვება ინტერაქტიურ რუკაზე მოინიშნება. ვებპლატფორმაზე ასევე განთავსებულია ინფორმაცია მცენარეების მოვლის წესების შესახებ.
პროგრამის ამოქმედებიდან მეორე დღეს, უკვე 1 300-ზე მეტი ნერგი დაირგო. აქცენტი იშვიათ და ადგილობრივ სახეობებზე კეთდება - მათ შორის კოლხურ ბზაზე, ქართულ მუხასა და კავკასიურ ფიჭვზე. ქვეყნის მასშტაბით 41 ათასზე მეტი მცენარის დარგვა იგეგმება.
პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა. გამწვანების ღონისძიებები თბილისსა და ქვეყნის ათივე რეგიონში პარალელურად მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი კოშაძე