23 აპრილი 2021,   21:11
ვრცლად
ეს არის იმ ტიპის საფრთხეები, როდესაც საზოგადოებას ეკარგება ნდობა, რაც აზარალებს თავად უზენაესს სასამართლოს - გვანცა წულუკიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. საბჭოს წევრთა ნაწილის მიერ ამ პროცესის საწინააღმდეგო არგუმენტებს არასამთავრობო სექტორი იზიარებს.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი გვანცა წულუკიძე ამბობს, რომ შესაძლებელია პროცესის შეჩერება და ხელახალი პროცესის დაწყება იმ შემთხვევაში, თუკი საბჭოს სურს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გამჭვირვალე იყოს და მას მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს.

"ეს არის იმ ტიპის საფრთხეები, როდესაც, ზოგადად, საზოგადოებრივი ნდობის ფაქტორი მუშაობს და როდესაც საზოგადოებას ეკარგება ნდობა როგორც თავად პროცესის მიმართ, ასევე კანდიდატების მიმართ, რაც, საბოლოო ჯამში, შემდეგ აზარალებს თავად უზენაეს სასამართლოს.

თუკი, მაგალითად, საბჭოს აქვს ნება-სურვილი იმისა, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, ღია და მას ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია, შესაძლებელია, პროცესი შეჩერდეს და დაიწყოს ახალი პროცესები," - განაცხადა გვანცა წულუკიძემ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლო არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე იმართება, არამედ რამდენიმე ადამიანის პირადი, პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე.

"მთავარი აქ მაინც არის ნდობის პრინციპი და არა სისხლის პრინციპი ამ შემთხვევაში, ამიტომ ეს ძალიან დიდი პრობლემა არის და მხოლოდ ნათესაურ კავშირებზე არ დაიყვანება.

პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლო იმართება არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, არა ხალხის უფლებების დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, არა ქართული საზოგადოების სამართლიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ რამდენიმე ადამიანის პირადი, პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე," - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს. მისი განცხადებით, არის დარღვევები და მოსამართლეებს ამგვარი გზით არ უნდა ნიშნავდნენ. 

დღის ამბები