23 აპრილი 2021,   20:26
ვრცლად
ვაქცინაცია 99 ქვეყანაში მიმდინარეობს - ამ ტემპებით, მსოფლიო მოსახლეობის იმუნიზაციას 5 წელი დასჭირდება

Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 99 ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, უკვე აიცრა 219 მილიონი ადამიანი.

აცრა ყოველდღიურად, საშუალოდ, 6 მილიონამდე ადამიანს უკეთდება. ამ ტემპებით, მსოფლიო მოსახლეობის იმუნიზაციას 5 წელი დასჭირდება.

ვაქცინაციისა და ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების ფონზე, დღეს ევროკავშირის ქვეყნები კოვიდპასპორტების შემოღების საკითხსაც განიხილავენ. საბერძნეთისა და ესპანეთის მთავრობები ევროკავშირის ქვეყნების ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის სერტიფიკატების სწრაფად გაცემას ითხოვენ, რაც ტურიზმს და მოგზაურთა მხრიდან შემოსავლების მიღებას უკავშირდება.

კოვიდპასპორტების წინააღმდეგია საფრანგეთი და გერმანია, სადაც აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი დისკრიმინაციული იქნება მათთვის, ვისაც არ უნდა ან ვისთვისაც ხელმიუწვდომელი ვაქცინა.

ამასობაში, ვაქცინის შესახებ ახალი დამაიმედებელი ცნობებს ავრცელებს ამერიკული კომპანია "ჯონსონ ენდ ჯონსონი", სადაც ირწმუნებიან, რომ მათი პრეპარატით ვაქცინის ერთი დოზაც საკმარისია. კომპანია, ამ დროისთვის, აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციისგან ვაქცინის მასიური წარმოებისთვის ნებართვას ელოდება.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა 2.5 მილიონი პაციენტი იმსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას იმედი აქვს, რომ ინფიცირების მაჩვენებლის კლება სამომავლოდაც შენარჩუნდება და, ვაქცინაციის პარალელურად, კაცობრიობა პანდემიას დაამარცხებს.

დღის ამბები