მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს.
ოპოზიციურ პარტიებს ჯერ ერთიანი პოზიცია არ აქვთ დაესწრებიან თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს.
დღეს ცნობილი გახდა რომ ლელოს მსგავსად ბათუმში ჩავა ნაციონალური მოძრაობაც.
ჩერგოლეიშვილი გარეთ აპირებს ყოფნას, გვარამია დარბაზში, გახარიები კი ჯერ კიდევ ფიქრობენ.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ მათი ბრძოლა იქნება სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით.
"ჩვენ ამ კორუმპირებული ოპოზიციის ნაწილი არ ვართ და შეგიძლიათ კითხვებიც აღარ დაგვისვათ, ვიმოქმედებთ თუ არა მათთან ერთად. არ ვიმოქმედებთ. ჩვენი ბრძოლა იქნება კიდევ უფრო მწვავე, მაგრამ რა თქმა უნდა, იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით.
რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიას, მოდი ასე ვთქვათ, ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი უახლოეს პერიოდში გაცნობებთ და საზოგადოებას თქვენი დახმარებით ვაცნობებთ, თუ რა სტრატეგიას ავირჩევთ, მაგრამ ჩვენ ყველა სამართლებრივ არგუმენტაციას გამოვიყენებთ" - ამბობს გიორგი შარაშიძე.
ქართული ოცნება ოპოზიციური პარტიების ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობს. და "ნაციონალური მოძრაობის," "ახალის," "ლელოს," "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.