შავ-თეთრი კადრები, 90-იანი წლების გურია და ადამიანი, რომელიც გაჭირვების მიუხედავად ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს.
45 წლის დაქვრივებული ზურიკო თხილის მოსავლის სამართლიან ფასად გაყიდვას ცდილობს, მუსიკის მასწავლებელთან ურთიერთობა კი, მის ცხოვრებაში ახალი დასაწყისის იმედს აჩენს.
ემოციური სცენებითა და გამორჩეული კინო ენით მოთხრობილი ამბავი უკვე არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის ნაწილი გახდა. "გურიის" საერთაშორისო გზა ვენეციის კინოფესტივალიდან დაიწყო. მოგვიანებით სურათი საქართველოს სახელით "ოსკარზე" წარადგინეს, ახლა კი რეჟისორის შემოქმედებას კიდევ ერთი წარმატება ემატება - ლევან კოღუაშვილი "ოქროს გლობუსის" სპეციალური ღონისძიების ნოვატორის ჯილდოს მიიღებს.
ღონისძიებაზე ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების კინოსა და ტელევიზიის სფეროში მოღვაწე ექვს ხელოვანს დააჯილდოებენ, მათგან გამორჩეული შემოქმედებითი ხედვის გამო ნოვატორის ჯილდოს მხოლოდ ქართველი რეჟისორი მიიღებს. ოქროს გლობუსის აღნიშნული ჯილდო იმ ხელოვანებს გადაეცემათ, რომელთა ნამუშევრებმა რეგიონის კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა
"ოქროს გლობუსის" პარტნიორობით ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიება მიზნად ისახავს რეგიონის გამორჩეული კინემატოგრაფისტებისა და მსახიობების აღიარებასა და მათი შემოქმედების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას. ეროვნულ კინოცენტრში აცხადებენ, რომ ქართველი კინემატოგრაფისტების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე - ქართული კინოს გამარჯვებაა.
"ოქროს გლობუსი - აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება" უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში 23 და 24 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი