მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. ოპოზიციურ პარტიებს ჯერ ერთიანი პოზიცია არ აქვთ დაესწრებიან თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ "ლელოს" მსგავსად ბათუმში ჩავა "ნაციონალური მოძრაობაც".
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი მხარდამჭერებს სასამართლო სხდომების პარალელურად შეკრებისკენ მოუწოდებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ისტორიულ პროცესში. ამ დროს ერთიანობა იქნება მნიშვნელოვანი, ამიტომაც, მე მოვუწოდებ ყველას, არა მხოლოდ ჩვენს მომხრეებს, არამედ ყველა პატრიოტს, შევიკრიბოთ იმ სასამართლოს სხდომების პარალელურად, რომელიც გაიმართება ბათუმში. ჩვენ ვართ სრულიად მზადყოფნაში ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის, იმიტომ, რომ ბრძოლაში და მოქმედებაში უნდა ვიყოთ ერთიანები, ყველანაირი, ასე ვთქვათ, უთანხმოება იქნება გვერდზე გადადებული", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.