პარტია "მემარცხენე ალიანსმა" ბრიფინგი გაიმართა და ნოემბერში დაგეგმილ ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის არყოფნას გამოეხმაურა.
კახა ძაგანია ევროპელ ლიდერებს საქართველოს მიმართ მტრულ განწყობაში ადანაშაულებს და ხელისუფლებას მათგან დისტანცირებისკენ მოუწოდებს.
პარტია "მემარცხენე ალიანსის" დამფუძნებელი, კახა ძაგანია აღნიშნავს, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს დაუძინებელი მტრები არიან.
"ნოემბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი გაიმართა, სადაც საქართველოს ოფიციოზი არ არის მიწვეული, ეს ინფორმაცია ევროკომისიამ გაავრცელა. ამ ღონისძიებას ხელმძღვანელობენ და დადასტურებულად გამომსვლელებს შორის არიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები, საქართველოს დაუძინებელი მტრები, საქართველოში ძმათა დამპირისპირებლები, არაერთი ჩავარდნილი რევოლუციის ავტორები: ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი, მარტა კოსი, მაია სანდუ და სხვები." - აცხადებს კახა ძაგანია.