16 იანვარი 2021,   12:27
ვრცლად
ომბუდსმენი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ბუკნარში დაპირისპირება არ მომხდარიყო, სხვა დროს მომხდარი რელიგიური დაპირისპირებები სათანადოდ რომ გამოეძიებინათ

სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, რელიგიის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ შეკრება და ლოცვა. ამასთან, ლომჯარია აცხადებს, რომ შესაძლოა, ასეთი ფაქტი არ მომხდარიყო მანამდე არსებული რელიგიური დაპირისპირებები სათანადოდ რომ გამოეძიებინათ.

"ეს შეიძლება იყოს იმის გაგრძელებაც, რომ 2012-2016 წლებში მომხდარ რელიგიური ნიშნით დაპირისპირებებს, სამწუხაროდ, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია. მთელი რიგი გამოძიებები შეწყდა და დასრულდა ხანდაზმულობის გამო. ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მისაღებად შესაბამის თვითმმართველობის ორგანოში არის წარდგენილი განაცხადი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონფლიქტი წარმოშვა სწორედ ლოცვის ფაქტმა, სალოცავის არსებობამ და არა მეჩეთის მშენებლობის საკითხმა," - განაცხადა სახალხო დამცველმა.

დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ.

"მუსლიმები უკვე რამდენიმე წელია, სოფელში ცხოვრობენ და ბუნებრივად აქვთ სალოცავი სივრცის არსებობის საჭიროება და როგორც ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, ამ დაძაბულობის შესახებ იყო ინფორმირებული ადგილობრივი თვითმმართველობა, თუმცა მას სათანადო ზომები არ მიუღია კონფლიქტის დროული გადაჭრისთვის და დაახლოებით ერთი თვის წინ დაწყებული კონფლიქტი გუშინ და გუშინწინ კიდევ უფრო ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა," - აღნიშნა მიქელაძემ.

სოფელ ბუკნარში პოლიციის მობილიზებაა - რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო.

დღის ამბები