02 დეკემბერი 2020,   17:58
ვრცლად
ბათუმში ახალი ტექნოპარკი გაიხსნა

ბათუმში ახალი ტექნოპარკი გაიხსნა - პროექტი აჭარის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს სტარტაპებისა და ე.წ. "ფრილანსერებისათვის", სადაც შესაძლებელია გარკვეული პირობებით სამუშაო ადგილის მიღება. ბათუმის ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია (ფაბლაბი).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი ტექნოპარკი გახსნა. 

"ეს არაჩვეულებრივი ობიექტი მოემსახურება როგორც ადგილობრივ სტუდენტებს, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებსაც, ვისაც აქვს სურვილი, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების განხრით ახალი ცოდნა შეიძინოს და ამ მიმართულებით უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს," - აცხადებს ნათია თურნავა.

უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში დაეხმარება. 

"აქ არის განთავსებული ის ყველა რესურსი, რომელიც მნიშვნელოვანია სტარტაპების განვითარებისთვის, არის ასევე ლაბორატორიული რესურსი, თანამედროვე დანადგარები, ტექნოლოგიები და რა თქმა უნდა ყველას მოვუწოდებ მაქსიმალური აქტიურობისკენ. ეს სივრცე კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს მათი იდეის რეალიზების საშუალებას," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

დღის ამბები