კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მინისტრმა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია 2024 წლის 25 ივნისს სტიქიის შედეგად სამონასტრო კომპლექსზე მიყენებული მძიმე დაზიანებების, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი აღდგენითი სამუშაოების შესახებ.
"ალავერდის სამონასტრო კომპლექსი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი, 2024 წელს, სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ადგილობრივ ეპარქიასთან ერთად, დაუყოვნებლივ დაიწყო გადაუდებელი სამუშაოები. სამუშაოების ნაწილი დასრულებულია; გარკვეული მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობის გაფრთხილება და დაცვაა, რისთვისაც მიმდინარე და დაგეგმილი გვაქვს არაერთი მასშტაბური პროექტი", - განაცხადა მაია ბითაძემ.
დღეისათვის, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სრულად გადაიხურა წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათი და აღიმართა თითბრის ჯვარი, აღდგა ტაძრის სახურავის დაზიანებული ფრაგმენტები. აღდგენილია საეპისკოპოსო სასახლისა და ტაძრის დასავლეთ მინაშენის კრამიტის სახურავი. სრულად განახლდა სიძველეთა საცავის სახურავი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კარიბჭე-სამრეკლოს და სამრეკლოს გუმბათზე აღიმართა ახლად ჩამოსხმული თითბრის ჯვარი.
კულტურის მინისტრთან ერთად ალავერდის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი და პარლამენტის წევრი - გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიმურიშვილი.