18 სექტემბერი 2020,   14:13
ვრცლად
ვრცელდება თუ არა ქათმის ხორცით კორონავირუსი - სპეციალისტების თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს

ვრცელდება თუ არა ქათმის ხორცით კორონავირუსი - ასეთ საფრთხეს საქართველოში ვერ ხედავენ და შესაბამისად  ფრინველის ხორცის იმპორტის შეზღუდვა ჯერჯერობით არ განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ფრინველის ხორცზე კორონავირუსი დადასტურდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აკრძალვების დაწესებას არ ჩქარობს. ასეთი რეკომენდაცია არც საქართველოში მიუღიათ, სადაც იმპორტი ბრაზილიიდანაც ხორციელდება. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მსგავსი კვლევების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში სურსათის უვნებლობის სამსახურის პრეროგატივაა. 

"ჩინეთი ადასტურებს და ძალიან მკაცრად აკონტროლებს ექსპორტ-იმპორტს ამ ტიპის ხორცისა, ლაპარაკი იყო ბრაზილიურ ხორცზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დადო დასკვნა, რომ არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში, ანუ კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ის არ წარმოადგენს საფრთხეს.

რაც შეეხება საქართველოში ამ ტიპის კვლევას, ეს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა, შესაძლოა, ჩატარდეს კიდეც, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ილია ბასილაძის განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არის, რადგან არ არსებობს რეკომენდაცია, რომ საკვებიდან დაინფიცირება შესაძლებელია.

"ასეთი სახის კვლევებს სხვადასხვა სახის საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციები მუდმივ რეჟიმში ატარებენ. აქტუალური ეს საკითხი ნამდვილად არის. ჩვენი ლაბორატორია ფუნქციონირებს. ბრაზილიიდან ხდება ხორცის იმპორტი, თუმცა, მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ამ წუთას არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომელიც გვეუბნება, თითქოს სურსათიდან შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს,"- განაცხადა ილია ბასილაძემ.

შეგახსენებთ, ბრაზილიიდან ჩინეთში იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსის აღმოჩენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოეხმაურა. 

უწყების ერთ-ერთ ხელმძღვანელის განცხადებით, ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ.

იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ადამიანები შესაძლოა საკვებისგან დაინფიცირდნენ.

გაყინულ ფრინველში კორონავირუსის აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადება ჩინეთის ქალაქ შენ-ჯენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააკეთა.

ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი პეკინისგან ახსნა-განმარტებას ელოდებიან.

დღის ამბები