29 სექტემბერი 2020,   17:30
ვრცლად
"წერილი, შესაძლოა მკვლელმა დააწერინა" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ წერილი, რომელიც გარდაცვლილი გოგოს მანქანაში იპოვეს, სწორედ მის მიერაა შესრულებული, განაცხადა, რომ შესაძლოა ის გარდაცვლილს ძალით დააწერინეს.

მან ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან, გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ შეიტყო. 

"არ ვიცი, ეს ახალი ამბავია? შეიძლება დააწერინეს, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ მას თუ თვითმკვლელობა ჰქონდა განსაზღვრული, ამას სახლში დატოვებდა და იქ არ წაიღებდა. სავარაუდოდ, შესაძლოა მკვლელმა დააწერინა," - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

გარდაცვლილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ენდობა. თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, ამით შინაგან საქმეთა სამინისტრო თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას. მისივე თქმით, გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი შოთაძემ იმედი მისცა, რომ გამოძიების პროცესში მათ მაქსიმალურად გვერდით დაუდგება. 

"ეგ არის უღმერთობა, თავიდან იცილებს ყველაფერს, ასე სად არის. ბატონ შოთაძეს ყველაფერი ავუხსენით დეტალურად, იმედი მოგვცა, რომ გვერდზე დაგვიდგება,"- განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა. 

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არის გამოხატული მზაობა, რომ პროცესში ჩაერთონ ადამიანები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერიდან მასალებს სრულად ამოიღებენ.  

"მზაობა არის გამოხატული, რომ იქნებიან მოწვეული ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ და ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია ფეისბუკთან, გუგლთან, ვებსაიტებთან და საიდანაც შეიძლება სრულად იყოს მიღებული ინფორმაციები, რომ ყველაფერი იქნება სრულად მიღებული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ჩვენ შეიძლება დავწყნარდეთ. მოსამართლის განჩინება არის, რომ ყველაფერი ის, რაც კითხვის ნიშანს აჩენს, ამაზე რეაგირება მთავარი პროკურატურის მხრიდან განხორციელდება, რომ კითხვებს გაეცეს პასუხი,"- განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ცნობისთვის, შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი საკუთარ კომპიუტერში გაუჩინარებამდე სუიციდის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებდა. 

დღის ამბები