24 ნოემბერი 2020,   19:46
ვრცლად
გახდება თუ არა საჭირო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამკაცრება - საქართველო COVID 19-ის გავრცელებას ებრძვის

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებას მხარი პოლიტიკურმა სპექტრმა, ფაქტობრივად, ერთხმად დაუჭირა. მხარდაჭერის ფონზე, მხარეებს საკუთარი არგუმენტები და რეკომენდაციები აქვთ. დღეს პარტიებმა მთავრობას საკუთარი ინიციატივები და ანტიკრიზისული გეგმები შესთავაზეს.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრეზიდენტის დეკრეტით რამდენიმე კონსტიტუციური უფლებაა შეზღუდული, მათ შორის კერძო საკუთრების, შეკრებისა და მანიფესტაციის, შრომის თავისუფლების. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი 115 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

პარლამენტმა მხარდაჭერით მთავრობის მეთაურს განსაკუთრებული უფლებები მისცა, რომ კორონავირუსის გავრცელების ფაზაში მისი გადაწყვეტილებები უფრო სწრაფი და ეფექტური გამხდარიყო. ამ დროისთვის, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნები განსაკუთრებული რეჟიმს არ გულისხმობს, თუმცა სახელისუფლებო გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ვითარებიდან გამომდინარე, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად, უსაფრთხოება გაიზრდება, თუმცა გაჩნდება სხვა გამოწვევებიც. ოპოზიცია მმართველი გუნდისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმასაც ელოდება და ეკონომიკური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, საკუთარ ინიციატივებსაც სთავაზობს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს "ახალი საქართველოს" ლიდერი. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს მდგომარეობა ქვეყანაში ახალ პრობლემებს გააჩენს. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი ხელისუფლებას მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემისკენ და მათი კომუნალური და საბანკო საფინანსო ვალდებულებებისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ამ ვითარებაში, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის წესების დამორჩილებისკენ მოუწოდა.

მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის პარლამენტიც. უქმდება საკომიტეტო განხილვები, სესიები კი საჭიროებიდან გამომდინარე ჩატარდება. ამ ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი სამუშაო ჯგუფი საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს. სტრატეგიულმა პარტნიორებმა ვირუსის წინააღმდეგ ქვეყნის ბრძოლას წარმატებული უწოდეს.

"დარჩი სახლში" - ეს არის ის უმთავრესი და, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი რეკომენდაცია, რომლის შესრულებაზეც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ქვეყანას ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მოუწევს ცხოვრება.

დაიცავენ თუ არა მოქალაქეები სოციალურ დისტანცირებას - სწორედ ეს განსაზღვრავს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბებსა და ტემპებს.

დღის ამბები