21 იანვარი 2021,   03:08
ვრცლად
ფოთში მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აქვს - საზოგადოებრივი ტრანსპორტი 7 საათამდე მოძრაობს

ფოთის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საღამოს 7 საათის შემდეგ აღარ დადის, არც მოქალაქეები დგანან მოსაცდელებთან, რადგან იციან, რომ ამ დროს მუნიციპალური ავტობუსები მათ აღარ მოემსახურება.

ტრანსპორტის გაუმართაობის გამო მოსახლეობას ფეხით, იშვიათ შემთხვევაში კი - ტაქსით უწევს გადაადგილება, რაც მათთვის ზედმეტი ხარჯია.

საღამოს საათებში საპორტო ქალაქის ტრანსპორტის გარეშე დარჩენას მძღოლებიც ადასტურებენ. "კურიერთან“  ამბობენ, რომ დაწესებული გრაფიკით მოძრაობენ და 7 საათის შემდეგ მგზავრთა მომსახურება აღარ ევალებათ.

პრობლემებს არ უარყოფენ არც "ფოთის ქალაქის ტრანსპორტში", კომპანიის ხელმძღვანელობის მტკიცებით, უკვე დაწყებულია სამუშაოები, ელოდებიან ავტობუსების დამატებას და ასევე, დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდის პირობასაც დებენ.

საპირისპიროს ფიქრობენ ფოთი საკრებულოს ოპოზიციაში. უმცირესობა ამტკიცებს, რომ ტრანსპორტისთვის გამოყოფილი თანხები უკვე გახარჯულია.

როდიდან მოემსახურება ფოთელებს ახალი ტრანსპორტი და როგორი გრაფიკით, ზუსტი დრო უცნობია, თუმცა  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

დღის ამბები