21 იანვარი 2021,   03:40
ვრცლად
გარყვნილი ქმედება 6 წლის დისშვილის და მისი თანაკლასელის მიმართ - გაქცეული მოძალადე 8 თვის შემდეგ დააკავეს

ორ ექვსი წლის  გოგონაზე გარყვნილი ქმედების გამო გიორგი ჯარიაშვილი 8 წელს პატიმრობაში გაატარებს. ერთი მოზარდი მისი დისშვილია, მეორე კი მეზობელი. ბავშვები თანაკლასელები არიან.

ერთ-ერთი დაზარალებული მცირეწლოვნის დედა შვილის მონაყოლს იხსენებს. პირველი შემთხვევა ჯარიაშვილის სახლში, მეორე კი სოფელში, ერთ-ერთ თონეში მოხდა. გარყვნილი ქმედების შესახებ მამაკაცის ბიძაშვილმა შეიტყო, რის შემდეგაც მომხდარი მეზობელი ბავშვის ოჯახს და პოლიციას შეატყობინა. გიორგი ჯარიაშვილის დაკავება მაშინ პოლიციამ ვერ მოასწრო, ის სოფლიდან გაიქცა.

ბავშვებზე მოძალადეს პოლიციამ 8 თვის შემდეგ მიაკვლია და დააკავა. სასამართლომ გარყვნილი ქმედების გამო პირს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ მისი ოჯახის წევრებს, რომლებმაც პოლიციას თავად მიმართეს. "კურიერი" შეგნებულად არ ასახელებს მუნიციპალიტეტს, სადაც შემთხვევა მოხდა.

მომხდარის შესახებ კარგად იციან ადგილობრივებმა. მეზობლები ჰყვებიან, რომ მსჯავრდებული გარყვნილი ქმედებების გამო უკვე მეორედ დააკავეს. პირველი შემთხვევა 2006 წელს მოხდა, მაშინ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პირველი შემთხვევის დროსაც ჯარიაშვლმა ძალადობა მცირეწლოვან გოგონაზე სცადა, ისიც დამნაშავის თანასოფლელი იყო.

მრავალჯერადი გარყვნილი ქმედების ფაქტზე ორივე 6 წლის გოგონას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ბავშვები სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ერთად იკითხებოდნენ. სასამართლო პროცესები არსებული სიმძიმისა და საქმეში ფიგურანტი მცირეწლოვნების გამო დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სოცმუშაკი ამბობს, რომ ჯარიაშვილის დისშვილი, შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად, ნათესავთან საიმედო გარემოში გადაიყვანეს.

გიორგი ჯარიაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

2019 წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში 39 პირია მხილებული, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 16.

2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. 

დღის ამბები