24 იანვარი 2021,   17:40
ვრცლად
"ვპირდები ივანიშვილს, რომ ბრძოლას არ შევწყვეტ არც ციხის საკნიდან, ფრთხილად იყოს" - ლაშა ჩხარტიშვილი

სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობის მუქარის ბრალდებით, პროკურატურამ "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, გამოკითხვაზე დაიბარა.

რამდენიმე დღის წინ, მხატვარ მარინა ხატიაშვილის გამოსახლებისას ადგილზე, მხარდასაჭერად ლაშა ჩხარტიშვილი მივიდა, გამოსახლების პროცესს ესწრებოდა კერძო მსესხებლის ადვოკატიც. მას

შემდეგ უფლებადამცველი ჩხარტიშვილს მუქარაში ადანაშაულებს. ჩხარტიშვილი ბრალდებას უარყოფს და საქმეს მის ოპოზიციურ აქტივობას უკავშირებს.

"ეს არის კონკრეტული ანგარიშსწორება, ჩემი აქტიური ოპოზიციური საქმიანობის გამო. ვპირდები ივანიშვილს, რომ ბრძოლას არ შევწყვეტ არც ციხის საკნიდან. ფრთხილად იყოს, ნუ დაამძიმებს ისედაც მძიმე საკუთარ მომავალს, რომელიც დარწმუნებული ვარ, სწორედ საკანში დასრულდება. და ასევე, ნუ დაიმძიმებს განაჩენს, რომელიც გარდაუვალია," - განაცხადა საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა. 

ჩხარტიშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, ბრალდება,კი შეთითხნილია.

"ვფიქრობ დღევანდელი დაკითხვა მალე უნდა დასრულდეს, თუ სიურპრიზის წინაშე არ აღმოვჩნდით და ბრალი არ წაუყენეს ლაშა ჩხარტიშვილს. ასეთ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით ჩვენება აქვე მივცეთ, ეს არის მოგონილი და შეთითხნილი ამბავი, რასაც ბუნებრივია არ დავეთანხმებით," - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატმა, მარინე ცუცქირიძემ.

დღის ამბები