27 იანვარი 2021,   02:35
ვრცლად
ჩვენს ჯარისკაცებზე თავდასხმამ ყველაფერი შეცვალა, პასუხს გაგებინებთ - ერდოღანმა იდლიბში ასადის რეჟიმის სამხედრო ოპერაცია დაგმო

ჩვენს ჯარისკაცებზე თავდასხმამ ყველაფერი შეცვალა, პასუხს გაგებინებთ - მუქარის გზავნილი სირიის მიმართ თურქეთში გაჟღერდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იდლიბის პროვინციაში, რუსეთის დახმარებით, ასადის რეჟიმის სამხედრო ოპერაცია დაგმო. ეს რიტორიკა იმ ფონზე გაისმა, როდესაც სირიაში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა, ანკარამ კი კონფლიქტის ზონაში დამატებითი სამხედრო ტექნიკა გაგზავნა. ერდოღანი არ გამორიცხავს, პროცესებმა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის სახე მიიღოს. 

"თუ იდლიბში სიტუაცია არ დასტაბილურდება სხვა არ არჩევანი არ გვექნება და სამხედრო ოპერაციას ისევ ჩავატარებთ. იძულებულები ვხდებით შემოდგომას ჩატარებული სამხედრო ოპერაციის მასშტაბებს მივაღწიოთ. იმედია სირიის მიერ ჯარის გაყვანის პროცესი თებერვლამდე დასრულდება. თუ რეჟიმი ამას ვერ მოახერხებს, თურქეთს ამ საქმის გაკეთება თავად მოუწევს,"- განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მანამდე იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას რამდენიმე თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმამ ვითარების კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვია, რასაც ანკარის საპასუხო ნაბიჯები მოჰყვა. თურქეთმა ასადის პოზიციებზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები განახორციელა.

ცნობების მიღების მიუხედავად რუსეთი დუმს. დუმს იმ ფონზეც კი, როდესაც მედია წერს, რომ სირიაში, ალეპოს მახლობლად საბრძოლო მოქმედებებისას ФСБ-ს 4 სპეცრაზმელი მოკლეს.

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარება შესაძლოა უკიდურესად გამწვავდეს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ერდოღანსა და პუტინს შორის 2018 წლის შემოდგომაზე, სოჭსა და ასტანაში გამართული შეხვედრების შემდეგ შედგა, თუმცა რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს ამ დრომდე არ ასრულებს. უფრო მეტიც, მოსკოვი დამასკოს სამხედრო დახმარებას უწევს.

საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი გოგუაძე ამბობს, რომ მიგრანტების ახალი ტალღის შეჩერება და იდლიბის პროვინციაში დემილიტარიზაციის ზონის შენარჩუნება თურქეთის ეროვნულ ინტერესებშია. ამ ვითარებაში კი ანკარა სირიაზე პუტინის გავლენის გამოყენებას და მასთან მოლაპარაკებებით თავისი მიზნების განხორციელებას ცდილობს.

სირიელი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ტერიტორიაზე კრემლის მხარდაჭერით ბაშარ ალ ასადის იერიშებს მიგრანტების ახალი ტალღა უკვე მოჰყვა. გაეროს ინფორმაციით, მხოლოდ 1 დეკემბრიდან დღემდე კონფლიქტის ზონა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ძირითადად ქალებისა და ბავშვებისგან შემდგარი კოლონები იდლიბიდან ჩრდილოეთით, თურქეთის საზღვრისკენ მიემართებიან. ერდოღანი კი აცხადებს, რომ ქვეყანა მიგრანტების ახალ ტალღას ვეღარ გაუმკლავდება და საერთაშორისო საზოგადოებას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები