"პროსერვისის" სერვერზე, სადაც სახელმწიფო უწყებების, კერძო კომპანიებისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებია განთავსებული, გუშინ განხორციელებული კიბერშეტევა აღმოფხვრილია. მომხდარის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს და მომხმარებელს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.
"გუშინ, 28 ოქტომბერს, გამთენიისას საქართველოს კიბერ სივრცეზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერ თავდასხმა. თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე კომპანიაზე განხორციელდა და ერთ-ერთი ადრესატი კომპანია პროსერვისის მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია პროსერვისის სერვერებზე განთავსებული ვებ გვერდების დიდი ნაწილი.
პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია პროსერვისმა, შინაგან საქმეთა სამინსტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში დაიწყო მუშაობა პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე. 29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე უკვე აღდგენილი იყო პროსერვისის ჰოსტინგზე არსებული ყველა საიტი. ჰოსტინგ კომპანია ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ამ ეტაპისთვის კომპანია აგრძელებს მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ უსაფრთოხების დეპარტამენტთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კომპანია პროსერვისი დიდ ბოდიშს უხდის ყველა მის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდის მფლობელებს და მადლობას უხდის ყველას ამ რთულ წუთებში თანადგომისა და დახმარებისთვის,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.