05 დეკემბერი 2021,   11:10
ვრცლად
აზიური ფაროსანა სამეგრელოს რეგიონში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

აზიური ფაროსანა სამეგრელოში ისევ გამოჩნდა. მავნებელი მწერი პატარა ფოთს შეესია. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით,მწერი თხილის და ხურმის ბაღებს ანადგურებს.

ხეხილის ბაღების გარდა ფაროსანა სამეგრელოს მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებშიც შევიდა. პატარა ფოთის მოსახლეობა შესაბამისი უწყებისგან ეფექტურ დახმარებას დროულად ითხოვს. 

პატარა ფოთის გარდა, მავნებელი მწერი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროს საწმისის მოსახლეობასაც აზარალებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სადეზინფექციო სამუშაოების მიუხედავად, მწერი არ განადგურებულა.

სოფლის მეურნეობის სურსათის ეროვნულ  სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მავნებლის 90 პროცენტი განადგურებულია.  ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვითი სამუშაოები გრძელდება.

ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა გასულ წლებში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 49 მილიონი, 2019 წელს კი 45 მლნ ლარი დაიხარჯა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ეხმარება. ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში USAID-მა ამ მიზნით 6.5 მილიონი დოლარი გამოყო.

დღის ამბები