28 ნოემბერი 2021,   21:42
ვრცლად
ფოთის სანაპიროზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე მიმდინარეობს

ფოთი ისევ ყურადღების ცენტრშია. მალთაყვის სანაპიროს შემდეგ ამჯერად საუბარია უკვე თავად ქალაქ ფოთის სანაპიროზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე მიმდინარეობს.

კომპანიას, რომელიც კეთილმოწყობით არის დაკავებული, ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან არანაირი კონტრაქტი არა აქვს გაფორმებული.
საუბარია ათეულობით ათას ლარზე. ამას ემატება ის, რომ სამუშაოები, რომლებიც სანაპიროზე ხორციელდება, იმავე ტიპისაა, რისთვისაც ფოთის მერიას სამი წლის წინ უკვე გადახდილი აქვს 165 000.

ფოთის სანაპიროზე გარე განათებების დემონტაჟი თითქმის დასრულებულია, კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე ძველი ასფალტიც აყარეს. ქალაქის სანაპიროს კეთილმოწყობით სამუშაოებში არაფერი იქნებოდა უჩვეულო, რომ არა ერთი ფაქტი - ათი ათასობით ლარის ღირებულების სამუშაოს კომპანია "სამი ძმა" ისე ასრულებს, რომ თვითმმართველი ქალაქის მერიასთან არანაირი ხელშეკრულება არ დაუდია.

კომპანიის წარმომადგენელი ამაში პრობლემას ვერ ხედავს და დარწმუნებულია, რომ ფოთის მერიაში მას სასურველ ხელშეკრულებას მალე დაუდებენ.

იმას, რაზეც კერძო კომპანია ღიად საუბრობს, უარყოფენ ქალაქის მერიაში. სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ფოთის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ სანაპიროზე კერძო კომპანია არ მუშაობს და დემონტაჟს მუნიციპალიტეტის კუთვნილი აიპი ახორციელებს.

ის, რომ ქალაქის მერიაში არ იციან მერიიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე სანაპირო ზოლზე ვინ მუშაობს, არ უკვირს ოპოზიციას. საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან დარწმუნებულია, რომ ფოთის მერია კერძო კომპანიებთან კორუფციულ გარიგებებშია შესული.

ავტორი: სოფო სვანიძე

დღის ამბები