22 ნოემბერი 2026,   12:21
ვრცლად
აშშ-ს სურს, ომისგან ხელი დაიბანოს - ტრამპის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინის მხარდაჭერის ტვირთი ევროპელებმა იტვირთონ - ჯონ მირშაიმერი

ტრამპის ადმინისტრაციას ევროპაში "მშვიდობის გარანტის" როლისგან ჩამოშორება სურს, რაც უკრაინის დაფინანსების ტვირთის ევროპაზე გადატანაში, ნატოს 2027 წლის სამიტის გაუქმებასა და ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებაში გამოიხატება, - ამის შესახებ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა და პოლიტოლოგმა, ჯონ მირშაიმერმა გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.

მისი შეფასებით, აშშ აღარ აპირებს უკრაინისთვის ფულის გადახდას, შეიარაღების საფასურის დაფარვას კი ევროპელებისგან მოითხოვს.

"ტრამპის ადმინისტრაცია, ყოველ შემთხვევაში, აღარ არის მოხიბლული „მშვიდობის გარანტის" ლოგიკით და დაინტერესებულია, რომ ამ მიდგომას ჩამოშორდეს. ეს ფენომენი ცოტა უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, მისი საუკეთესო მაგალითი, ალბათ, ის არის, რაც ახლა უკრაინასთან დაკავშირებით ხდება. თუ დავფიქრდებით, როგორ უდგებოდნენ შეერთებული შტატები და ევროპელები უკრაინის საკითხს 2014 წლიდან, როცა კრიზისი პირველად დაიწყო, და თუნდაც 2022 წლის თებერვალში ომის დაწყებიდან პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, დავინახავთ, რომ ევროპელები და ამერიკელები ერთ პოზიციაზე იდგნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ემოქმედათ უკრაინის საკითხზე.

როგორც ევროპელები, ისე ამერიკელები უწევდნენ უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას უკრაინას, აწვდიდნენ მას იარაღს და ამ ორ მხარეს შორის, ფაქტობრივად, არანაირი სხვაობა არ არსებობდა უკრაინის დახმარების თვალსაზრისით.

ეს ყველაფერი შეიცვალა, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად - ფაქტობრივად, შეერთებულ შტატებს აღარ სურს მეტი ფულის გადახდა უკრაინისთვის. ის დაჟინებით მოითხოვს, რომ სამომავლოდ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის ტვირთი ევროპელებმა იტვირთონ. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის, მიაწოდოს უკრაინას შეიარაღება, მაგრამ მოითხოვს, რომ ამის საფასური ევროპელებმა გადაიხადონ. სრულიად ნათელია, რომ შეერთებულ შტატებს სურს, უკრაინის საკითხს ევროპელებმა მიხედონ და რეალურად, სურს, რაც შეიძლება მეტად დაიბანოს ხელი უკრაინის ომისგან.

ამერიკელი "მშვიდობის გარანტის" ევროპიდან ჩამოშორების კიდევ ერთი მაგალითი უკავშირდება ნატოს სამიტებს. უკვე მრავალი წელია, ნატოს ყოველწლიური სამიტი იმართება - ხან შეერთებულ შტატებში, ხან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. თუ არ ვცდები, შარშან - უკაცრავად, წელს, 2026 წელს - ის თურქეთში გაიმართა, ხოლო მომავალ წელს ალბანეთში უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ტრამპის ადმინისტრაციამ ნატო აიძულა, გაეუქმებინა მომავალი წლის სამიტი და გაურკვეველია, საერთოდ გაიმართება თუ არა ოდესმე ნატოს მორიგი სამიტი. ეს ყველაფერი მიუთითებს იმ დასუსტებაზე, რაც დღეს ნატოში მიმდინარეობს. ხოლო როცა ნატოს დასუსტებაზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში ვსაუბრობთ ამერიკელი "მშვიდობის გარანტის" დასუსტებაზე.

ეს საკითხი კიდევ უფრო შორს რომ წავიყვანოთ: მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ შეერთებულმა შტატებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში შეამცირა ევროპაში განთავსებული თავისი ჯარების რაოდენობა დაახლოებით 90 000-დან 78 000-მდე. ახლა კი შეერთებული შტატები ფიქრობს სამომავლოდ კიდევ უფრო მნიშვნელოვან შემცირებაზე. ასე რომ, გაურკვეველია, როგორი იქნება ამერიკული სამხედრო კვალი ევროპაში", - აცხადებს მირშაიმერი.

დღის ამბები