უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობაში მნიშვნელოვან შეფერხებებს აფიქსირებენ. პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინელმა სამხედროებმა უკვე შეისწავლეს ამ შეფერხების გარემოებები და დაადგინეს, რომ ეს შემთხვევითი ხარვეზი არ არის და თანამგზავრული კავშირი სისტემურად ფერხდება.
ზელენსკის თქმით, ამერიკულ მხარესთან ერთად ცდილობენ მომხდარის ყველა გარემოება გაარკვიონ.
"უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ევგენი ხმარასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის მოხსენებების თანახმად, სამწუხაროდ, ჩვენი ქვედანაყოფები უკვე რამდენიმე დღეა უკრაინის ტერიტორიაზე Starshield-ის მუშაობაში მნიშვნელოვან შეფერხებებს აფიქსირებენ. პრობლემა ვრცელდება მთელ ფრონტის ხაზზე და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
კერძოდ, Starshield-ზე სისტემატურად მოქმედებს სიჩქარის შეზღუდვა - საათში 161 კილომეტრი.
უკრაინელმა სამხედროებმა უკვე შეისწავლეს ამ შეფერხების გარემოებები და დაადგინეს, რომ საქმე შემთხვევით ხარვეზებთან კი არა, სიჩქარის სისტემურ შეზღუდვასთან გვაქვს.
ჩვენთვის ეს, პირველ რიგში, რუსული რეაქტიული დრონების ჩამოგდების პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს. სამწუხაროდ, უკვე არის შემთხვევები, როდესაც დრონებმა სამიზნეებს მიაღწიეს, რადგან მათ წინააღმდეგ გამოყენებული საშუალებები საკმარის სიჩქარეს ვერ ავითარებენ და დროულად ჩაჭრას ვერ ახერხებენ.
სამწუხაროდ, ეს რუსეთს ეხმარება, უფრო მეტი უკრაინელი მოკლას და უკრაინის ტერიტორიაზე უფრო მეტი ზუსტი დარტყმა განახორციელოს. ამჟამად ამერიკულ მხარესთან ერთად ვცდილობთ, მომხდარის ყველა გარემოება გავარკვიოთ", - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, უკრაინის არმიას Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე, Starshield-ზე წვდომა ადრეც შეეზღუდა, რამაც არმიის მუშაობას ხელი შეუშალა. მაშინ ილონმასკმა განაცხადა, რომ Starshield-ი აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და სიჩქარესა თუ გამოყენებაზე ლიმიტებს აშშ-ის არმია და, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი განსაზღვრავს. ამასთან ტრამპიც ამტკიცებდა, რომ მას ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის ბრძანება არ გაუცია. საბოლოო ჯამში, რამდენიმე დღიანი შეზღუვის შემდეგ, უკრაინას ინტერნეტზე წვდომა აღუდგა.