აღსრულების ეროვნული ბიურო დიდუბეში მომხდარი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეს ეხმაურება.
როგორც უწყება "რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებს, მხარეებს შორის მორიგების მიზნით ბიურო ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებდა მედიაციას, რის გამოც გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.
უწყების განმარტებით, მხარეებთან ბოლო შეხვედრა გუშინ, 11 ნოემბერს შედგა.
"ოთხი წლის განმავლობაში ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება. მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მხარეებთან ბოლო შეხვედრა, გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ დღეს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, რათა მომხდარიყო უძრავის ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ," - განუცხადეს "რუსთავი 2"-ს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
შეგახსენებთ, დიდუბეში მომხდარ ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაული გუშინ საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა ერთ-ერთ კორპუსის სადარბაზოში, ცეცხლი გაუხსნა 60 წელს გადაცილებულ ცოლ-ქმარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები. "კურიერის" ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა იპოთეკით დატვირთული ბინა აუქციონზე შეიძინა, ბრალდებული კი, ბინის დატოვებას არ აპირებდა და მისი გამოსახლება იგეგმებოდა.