12 ნოემბერი 2026,   16:28
ვრცლად
ევროპის კონტინენტზე არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და ომის ფონზე, უფრო მეტია ერთიანობის და კოორდინაციის საჭიროება - ირლანდიის პრემიერი

დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტი იხსნება, რომელშიც მსოფლიო ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე პლენარული სესიის გახსნას დაესწრება. მთავრობის მეთაური მრგვალი მაგიდის ფორმატში ასევე მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. 50-მდე სახელმწიფოს ლიდერები სამიტზე დასასწრებად უკვე იკრიბებიან.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, მაიკლ მარტინის განცხადებით, ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ქვეყნებს შორის ერთიანობისა და კოორდინაციის გაძლიერებას მოითხოვს. მისივე თქმით, სამიტის მთავარი მიზანი ევროპის კონტინენტზე თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო გამოწვევების გადაჭრის გზების განხილვაა, მათ შორის, ხალხთა შორის კავშირების, ტექნოლოგიური და ფიზიკური დაკავშირებადობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

"ევროპის კონტინენტზე არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და ომის ფონზე უფრო მეტია ერთიანობის და კოორდინაციის საჭიროება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები რეგულარულად მართავენ შეხვედრებს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების უპირატესობა კი ის არის, რომ ის თანამშრომლობის პროცესში ევროპის კონტინენტის ბევრად მეტ ქვეყანას და მის ფარგლებს გარეთაც სხვა სახელმწიფოებს აერთიანებს. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა უფრო მეტად როგორ დავაკავშიროთ ევროპის კონტინენტი. ეს გულისხმობს როგორც ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას, ისე ფიზიკურ და ტექნოლოგიურ დაკავშირებადობას და, რა თქმა უნდა, ენერგეტიკას. ეს ყველა ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხებია. როდესაც ქვეყნები ერთად იკრიბებიან, შეგვიძლია ამ გამოწვევებისა და პრობლემების საერთო გადაწყვეტის გზები შევიმუშაოთ", - აცხადებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი.

დღის ამბები