11 ნოემბერი 2026,   11:55
ვრცლად
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: არ გააჩნიათ რეალური სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც შეიძლება დაუპირისპირდეს კონსტიტუციურ სარჩელში ჩვენ მიერ წარმოდგენილ ბრალდებას

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ბათუმში დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზე რჩება. პლენუმი დღეს კითხვებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დაუსვამს.

მოსარჩელე მხარის შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს, პროცესი დროში გაწელოს და დაუსაბუთებელი შუამდგომლობები დააყენოს, რადგან საკუთარი პოზიციების დასაცავად არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნია.

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, სხვადასხვა ხრიკით, ყურადღება უმნიშვნელო საკითხებზე გადაიტანონ.

"საკონსტიტუციო განხილვები და გუშინდელი დღე, მათ შორის, არის დემონსტრირება იმისა, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა," მის წიაღში შემავალი შესაბამისი ე.წ. პარტიები, გარდა იმისა, რომ არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში და ჩიხში, რაც, ზოგადად, არახალია, არიან, ამავდროულად, სამართლებრივად მოქცეულები ძალიან სერიოზულ და ღრმა ჩიხში და ამის მაგალითი გახლავთ ის, რომ მათ ფაქტობრივად არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც შეიძლება დაუპირისპირდეს კონსტიტუციურ სარჩელში ჩვენ მიერ წარმოდგენილ შესაბამის ბრალდებას.

ისინი ახლა ცდილობენ იმას, რომ როგორღაც სხვადასხვა ხრიკით, ყურადღების გადატანა მოახდინონ აბსოლუტურად მეორე და ზოგჯერ შეიძლება მეათე ხარისხოვან საკითხებზე, რითაც ცდილობენ უბრალოდ იმას, რომ პროცესი გააჭიანურონ და როგორღაც შექმნან იმის ილუზია, რომ ვითომდა ისინი ასევე, დავუშვათ, სასამართლოში წარმოდგენილები არიან მეტ-ნაკლები სერიოზულობით," - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

დღის ამბები