საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებების დუმილი შეუმჩნეველი არ დარჩენილა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყნის წარმატებასთან დაკავშირებულ სიახლეებს ისინი შეგნებულად არ აშუქებენ, მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს მეორე პირის ვიზიტზე მათი მხრიდან სიჩუმე კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპონენტები მხოლოდ გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი თბილისში 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, გამართა უმაღლესი დონის შეხვედრები, სადაც გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი არაერთი განცხადება. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის პირველ სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც არის წარმატებასთან ასოცირებული, ოპოზიციური მედია ან არ აშუქებს, ან აშუქებს იმგვარად, რომ "თავი და ბოლო ვერავინ გაიგოს".
"ნებისმიერი საკითხი, რომელიც არის წარმატებასთან ასოცირებული, ოპოზიციური მედია ან არ აშუქებს, ან აშუქებს იმგვარად, რომ თავი და ბოლო ვერავინ გაიგოს ამ ამბიდან, იგივე შეგვიძლია ვთქვათ აგენტურულ ოპოზიციაზე. ეს ძალიან დიდი წარმატებაა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დონის ვიზიტები ხორციელდება ისეთ ქვეყნებში, რომელსაც რეალურ პარტნიორებად აღიქვამენ და ჩინეთი არის ზესახელმწიფო და ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება ჩვენი პარტნიორობა, ეს არის რეალური მეგობრობა, რეალური პარტნიორობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე არის დაფუძნებული და რა თქმა უნდა, შუა კორიდორის განვითარების კუთხითაც ჩინეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე მხრივ, ჩინური ბაზარი, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა მას შემდეგ, რაც სტრატეგიული პარტნიორობა გავაფორმეთ უფრო ხელმისაწვდომი გახდა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა, უვიზო მიმოსვლა გაფორმდა, პირდაპირი რეისები ჩაინიშნა." - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.