05 ნოემბერი 2026,   13:10
ვრცლად
ირაკლი ჭეიშვილი: არის არასწორი მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში. რასაც დღეს ევროკავშირი აკეთებს, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის ხელის გადაგრეხვის პრინციპი

ვის გულისხმობს ბრიუსელი თვითნებურად დაკავებულებში და ვის გათავისუფლებას ითხოვს, მაშინ, როდესაც დღემდე არ დაუგმია 4 ოქტომბრის ძალადობა - თბილისი ევროკავშირის ელჩისგან ამ დრომდე პასუხების მოლოდინშია.

საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის ცალმხრივად მომზადებულ ანგარიშზე განმარტებებს პაველ ჰერჩინსკისგან ითხოვს, რომელმაც ამ კითხვებს არც ბრიფინგზე უპასუხა. მმართველი გუნდის განცხადებით, დუმილი კიდევ ერთი დასტურია, რომ ძალადობრივი მოვლენები ქვეყნის გარედან იგეგმებოდა.

თბილისში აქცენტი კეთდება ორმაგ სტანდარტზეც, რატომ ფასდება საქართველოში ჩადენილ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება დემოკრატიიდან გადახვევად, მაშინ, როდესაც ანალოგიურ ფაქტებს საფრანგეთში მძიმე კვალიფიკაცია ენიჭება.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჭეიშვილის შეფასებით, ბრიუსელის მხრიდან საქართველოსადმი ეს დამოკიდებულება "ხელის გადაგრეხვის" პრინციპია.

"ვის იგულისხმებენ?! იგულისხმებენ ალბათ მიხეილ სააკაშვილს, იგულისხმებენ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე მოძალადე მომიტინგეებს. იგულისხმებენ იმ მომიტინგეებს, რომლებიც ჩვენ დავაკავეთ "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენების გამო და ასე შემდეგ, ამას იგულისხმებენ. ჩვენ ეს ადამიანები გვყავს დაკავებული, ჩვენ გვყავს მოძალადეები დაკავებულები.

რატომღაც მსგავს ანგარიშებს საფრანგეთთან მიმართებაში არ აკეთებენ. რატომღაც საფრანგეთში "მოლოტოვის კოქტეილით" როცა წვავენ პოლიციელებს, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ მოძალადეები. კი ბატონო, ვეთანხმებით საფრანგეთის ხელისუფლებას, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ეგრე უნდა აღიკვეთოს საქართველოშიც. ზოგადად, ეს არის არასწორი მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში, რასაც დღეს ევროკავშირი აკეთებს. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის ხელის გადაგრეხის პრინციპი", - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჭეიშვილმა.

დღის ამბები