არეულობა, შეტაკებები, ათასობით დაშვებული და დაკავებული. ევროპის ქვეყნებში ანტისამთავრობო აქციები არ წყდება. მასობრივი დემონსტრაციებია პარიზში, ლონდონში, ფრანკფურტში, ლისაბონში, ციურიხსა და ტირანაში. ყველაზე მწვავეა ვითარება საფრანგეთში, დემონსტრანტებმა პოლიციელებს "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს.
საქმეებს უკვე მიეცა სამართალდამცველის ან საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია, მუხლი კი უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. მმართველ გუნდში იხსენებენ, როგორ ცდილობდნენ უცხოელი აქტორები სამართალდამცველებისთვის ცეცხლის წაკიდების რომანტიზებას და როგორ უნდოდათ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი გმირად ექციათ კამპანიით "მე ვისროლე".
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ მკაფიოდ დაინახა სიმართლე, დაინახა უცხოელების სიყალბე საქართველოსთან დაკავშირებით:
"მკაფიოდ გაივლო ხაზი ამ მოვლენებიდან და შეფასებებიდან იმაზე, რომ ერთის მხრივ საქართველო სრულად იცავდა თავის ეროვნულ ინტერესებს, იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს საქართველოში და ნამდვილად იყო მართალი სახელმწიფოსა და კანონის წინაშე რაც მთავარია, მეორე მხარეს არიან ის უცხოელი თუ შიდა პოლიტიკოსები, რომლებიც ატყუებდნენ მოსახლეობას და ხელოვნური პროცესით ცდილობდნენ ძალადობის გამოყენებით ხელისუფლების დამხობას. მკაფიოდ დავინახეთ და დაინახა საზოგადოებამ ქართული სიმართლე და უცხოელების სიყალბე საქართველოსთან დაკავშირებით.
ჩვენ უპირველესად, რისი მოლოდინიც გვაქვს, არის, რომ მათ მთელი ის რეზოლუციები, განცხადებები, ანგარიშები, რაც მიუძღვნეს საქართველოს, როგორც აშავებდნენ, რეპუტაციას ულახავდნენ ქვეყანას ამ წლების განმავლობაში, მოუხდიან საზოგადოებას ბოდიშს და შეძლებენ რაღაცნაირად, რომ დავბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პირობებში", - აცხადებს ლევან მახაშვილი.