საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
პროექტის თანახმად, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" კანონით გათვალისწინებული პერსონალური ასისტენტის სერვისით უზრუნველყოფა მხოლოდ მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება.
როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, პერსონალური ასისტენტის საქმიანობა, თავისი არსით, მომსახურებას წარმოადგენს და შრომითი ხელშეკრულებები გარკვეულ პრობლემებს ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ პერსონალურ ასისტენტებს შორის ურთიერთობის ორგანიზების დროს.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა საკანონმდებლო ცვლილების მომზადება.