კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა, 9 ნოემბრიდან გაგრძელდება. ახსნა-განმარტების ეტაპი უკვე დასრულებულია. ზუსტად 8 დღეში კი, მხარეები კითხვა-პასუხზე გადავლენ. თუმცა მანამდე რა აჩვენა განხილვების ორმა კვირამ? კანონმდებლები ამბობენ, რომ ასაკრძალთა სიაში მყოფ პოლიტიკურ ძალებს სასარჩელო მოთხოვნისა და მტკიცებულებების გასაქარწყლებლად ერთი არგუმენტიც არ წარმოუდგენიათ და უფრო მეტიც, მიზანმიმართულად ცდილობდნენ სიცრუის ტირაჟირებას.
როგორც მოსარჩელეები ამბობენ, მათი მხრიდან ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში მხილებული ოპოზიცია ერთადერთ ტაქტიკას მიმართავს - დეზინფორმაციის გავრცელების გზით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და პროცესი ხელოვნურად გააჭიანურონ.
სარჩელის ავტორები იმასაც ამბობენ, რომ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დადასტურებულ დანაშაულებს, 5 პოლიტიკური სუბიექტი მტკიცებულებებს ვერც მომავალში დაუპირისპირებს, თავად კი შეძლებენ საკონსტიტუციო სასამართლო დაარწმუნონ, რომ ოპოზიციური პარტიები წლების განმავლობაში ცდილობდნენ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლას თუ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებით, საკუთარი ქვეყნის დაზიანებას.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი სოსიაშვილის თქმით, სამართლიანი და მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლებას შეესრულებინა ქართველი ხალხის დაკვეთა და მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
"სრულიად სამართლიანია და სრულიად მოსალოდნელი იყო ეს ამბავი, რომ ხელისუფლებას შეესრულებინა ქართველი ხალხის დაკვეთა, ქართველი ხალხის დავალება და მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ამ ანტიკონსტიტუციური პარტიების, ამ აგენტურის აკრძალვასთან დაკავშირებით. ეს ჩვენი სარჩელი, რომელიც ხელისუფლებამ წარადგინა, არის ძალიან მყარი არგუმენტებით გამაგრებული. ახლა ცდილობენ როგორღაც თავი გადაირჩინონ და როგორღაც დაარწმუნონ საზოგადოება, თითქოს ეს ყველაფერი არის რაღაცა უსამართლო, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, სასამართლოსაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენი საზოგადოება ხომ კარგად ხედავს ამ ყველაფერს, თუ როგორი ძალაა ეს და როგორი საშიში ძალაა, რომლის არსებობაც ქვეყანაში, პოლიტიკურ ველზე არის ძალიან დიდი საშიშროების შემცველი ჩვენი საზოგადოებისათვის", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.