28 ოქტომბერი 2026,   22:00
ვრცლად
ბელგრადში, ისრაელის საელჩოს დაცვის თანამშრომელს დანით შეიარაღებული არასრულწლოვანი დაესხა თავს - მომხდარი სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმად განიხილება

სერბეთის პოლიციის ცნობით, ოთხშაბათს დილით ადრე, ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან თავდამსხმელი მოკლეს, რომელიც დაცვის თანამშრომელს დანით დაესხა თავს. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის განცხადებით, ხელისუფლება მომხდარს სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს. მისი თქმით, არასრულწლოვანმა, რომლის ვინაობაც ჯერ დაუდგენელია, ორი დანით პოლიციელზე თავდასხმა სცადა.

"არასრულწლოვანმა, რომლის ვინაობაც ჯერ დადგენილი არ არის, პოლიციის თანამშრომელს ორი დანით შეუტია და თან ყვიროდა: "ალაჰუ აქბარ" (ღმერთი უდიდესია)", - განაცხადა მინისტრმა.

ინციდენტის შემდეგ, ხელისუფლებამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმუმამდე გაზარდა და უსაფრთხოების ზომები ძირითად ობიექტებზე გააძლიერა.

"ეს ნიშნავს უსაფრთხოების შემოწმების გამკაცრებას და პოლიციის გაძლიერებულ ყოფნას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და იმ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება", - განაცხადა დაჩიჩმა.

მინისტრის თქმით, პოლიციელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დაჩიჩის განმარტებით, პოლიციელმა ეს "თავდაცვის მიზნით" გააკეთა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმის მცდელობის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდამსხმელი ადგილობრივმა პოლიციამ გაანეიტრალა.

"თავდამსხმელი ადგილობრივმა პოლიციამ გაანეიტრალა. საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა, ხოლო ინციდენტის დროს დიპლომატიური მისია დაკეტილი იყო", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები