24 ოქტომბერი 2026,   22:27
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეოთხე დღეა - აცრას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეოთხე დღეა. აცრას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ვაქცინაციის მსურველებს სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი შაბათსაც ემსახურება.

ამ დროისთვის ქვეყანაში 7 სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი ცირკულარებს. მათგან უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 50%-ზე მეტი, რინოვირუსზე მოდის. ექიმები გრიპის შემთხვევების მატებას დეკემბრიდან
ელოდებიან.

ზამთრის დღეებში, როდესაც ტემპერატურა მნიშვნელოვნად ეცემა, გრიპის ვირუსი, როგორც წესი, ძალებს იკრებს. მანამდე კი ექიმები ამ პერიოდს, ჯანმრთელობის დასაზღვევად საუკეთესო დროდ მიიჩნევენ. მედიკოსები განსაკუთრებით რისკ ჯგუფში შემავალ პირებს აფრთხილებენ.

მარაგები შევსებულია - საქართველოში 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვიდა. აცრა ექვსი თვის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სამედიცინო პუნქტების ჩამონათვალი რეგიონების მიხედვით ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ზამთრის დადგომამდე დაახლოებით ერთი თვე რჩება. მაქსიმალური ეფექტიანობისთვის, მედიკოსები მოსახლეობას დროული იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ.

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები