21 ოქტომბერი 2026,   13:58
ვრცლად
Euronews: ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის განხეთქილება გაღრმავდა - ტრამპის პუტინთან დაახლოება ევროპაში შეშფოთებას იწვევს, თუმცა არა იმდენად, რომ ევროპამ აშშ-თან ურთიერთობა გაწყვიტოს

ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის განხეთქილება რუსეთ-უკრაინის ომის გამო კიდევ უფრო გაღრმავდა, რადგან დონალდ ტრამპი უფრო მტკიცედ აგრძელებს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებას, რითაც ახალი დარტყმა მიაყენა ალიანსს, რომლის მდგომარეობაც ისედაც მყიფე იყო, - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სულ რაღაც ორ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგასთან დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია, მოსკოვს ეკონომიკური სანქციები შეუმსუბუქა, უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და ეჭვქვეშ დააყენა მისი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა. ტრამპმა ზელენსკის შესახებ განაცხადა, რომ მასთან მოლაპარაკება "უფრო რთულია", ვიდრე პუტინთან.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ზელენსკიმ, რომელიც სულ უფრო მეტად ავლენს უკომპრომისო პოზიციას, დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმება "ისტორიულ შეცდომად" შეაფასა და გააფრთხილა, რომ შემდეგი შეიძლება აშშ-სა და რუსეთს შორის გაზის მიწოდების, საბანკო სფეროს, ქიმიური პროდუქტებისა და გაყინული აქტივების საკითხებზე დადებული სხვა შეთანხმებები გახდეს.

უკრაინა, ასევე შეეჯახა მოულოდნელად დაწესებულ შეზღუდვებს "სტარლინკის" სატელიტური ტექნოლოგიის გამოყენებაზე და აშშ-ში წარმოებული შეიარაღების მიწოდებაზე.

"ვფიქრობ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ უკრაინა კაპიტულაციაზე დაეთანხმებინათ", - განუცხადა ზელენსკიმ Bloomberg-ს.

მედიის ცნობით, მისმა განცხადებებმა კვლავ გააღვივა დიდი ხნის შიში, რომ ტრამპი და პუტინი კულუარულად მოილაპარაკებდნენ და ისეთ შეთანხმებას დადებდნენ, რომელიც საბოლოოდ კიევის კაპიტულაციით დასრულდებოდა.

მედიის ცნობით, მოსკოვის წინადადებამ, რომ პუტინის, ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრა გამართულიყო, ეს შიშები კიდევ უფრო გააძლიერა.

"მე ამას გავაკეთებდი. თუმცა, არა იმდენად უკრაინის გამო, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვა, რუსეთი უკრაინის საკითხში კარგად იქცეოდა", - განაცხადა ტრამპმა, როდესაც მას სამმხრივი შეხვედრის შესახებ ჰკითხეს.

როგორც გამოცემა წერს, მოვლენების სწრაფმა განვითარებამ ევროპელები მოულოდნელობის წინაშე დააყენა. წარსულში განცდილი წარუმატებლობების შემდეგ მათ ეგონათ, რომ ტრამპის დიპლომატიის ცალმხრივ სტილთან გამკლავება უკვე ისწავლეს, თუმცა, ისინი კვლავ მოუმზადებლები აღმოჩნდნენ და ახლო მოკავშირისგან დარტყმა მიიღეს - მოკავშირისგან, რომელიც მზად არის რუსეთთან დაახლოების ნაბიჯები გადადგას ისე, რომ სანაცვლოდ მისგან რაიმე დათმობაც კი არ მოითხოვოს.

"ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი პოზიცია სრულიად ნათელი იყოს და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდეს. ამავდროულად, გვესმის, რომ ამერიკელებს სხვა ინტერესებიც აქვთ", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გასულ კვირას, ბრიუსელში გამართული ორდღიანი სამიტის დასასრულს.

ტრამპის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ზოგიერთი ლიდერის პოზიციების "ბუნდოვანება" დაგმო და აღნიშნა: "კაპიტულაცია სისუსტეა, სისუსტე კი საფრთხეა".

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმება "ძალიან სარისკო გადაწყვეტილებად" შეაფასა, რომელიც მოსკოვის ქმედებებს ლეგიტიმაციას ანიჭებს და სანქციების ეფექტიანობას ასუსტებს.

დანიელმა პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა კი სინანული გამოთქვა და განაცხადა: "ჩვენ, დასავლური ალიანსი, ახლა უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე რამდენიმე დღის წინ ვიყავით".

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა და აშშ პირდაპირ დაადანაშაულა უკრაინის იძულების მცდელობაში, რომ ის "პუტინის პირობებით კაპიტულაციას" დათანხმდეს.

დღის ამბები