20 ოქტომბერი 2026,   23:29
ვრცლად
"კურიერი" პარიზში - რა ვითარებაა საფრანგეთში და გრძელდება თუ არა ქვეყნის ქალაქებში არეულობა 

მასობრივი არეულობის შემდეგ, პარიზის მოედნებსა და ქუჩებში ახლა მუნიციპალური სამსახურები, ექსპერტ-კრიმინალისტები, მეხანძრე-მაშველები და პოლიციელები მუშაობენ. ძალადობამ და ვანდალიზმმა დედაქალაქის იერსახე შეცვალა. ყველაზე მეტად კომერციული სექტორი დაზარალდა: გაიძარცვა 300-ზე მეტი მაღაზია. მე-15 ოლქში თავს დაესხნენ ტელეარხ "CNews"-ისა და რადიო "Europe 1"-ის სათავო ოფისებს - მედიის შენობების ფასადებს ქვები და აგურები ესროლეს. ქალაქში მასობრივად დაწვეს და გაანადგურეს ველოსიპედები. რესპუბლიკის მოედანზე და მის გარშემო კი, ბარიკადებთან ერთად, ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს, შუქნიშნებსა და ქუჩის ინვენტარს. დედაქალაქის ცენტრში მდებარე მარიანას ქანდაკებას გიგანტური ყვითელი ჟილეტი ჩააცვეს, კოლონადებზე კი გრაფიტები და სტენსილები დატოვეს.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს ქვეყნის იუსტიციის სისტემაც. შესაბამისი განკარგულებები უკვე გაიცა, სამართალდამცველებს ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორებში 48 საათის ნაცვლად ეჭვმიტანილების 72 საათამდე დაყოვნება შეუძლიათ. დაიშვა სატელეფონო მოსმენები და მოქალაქეების გეოლოკაციის კონტროლი. პროკურორებს მიღებული აქვთ მითითება, მოითხოვონ უკიდურესად მკაცრი სასჯელები და პატიმრობა, რაც მოსამართლეებმა დაუყოვნებლივ უნდა დააკმაყოფილონ. დაჩქარებული პროცესებისთვის სასამართლოებმა დარბაზებისა და პროკურორების რაოდენობა გააორმაგეს. ამ დროისთვის სულ დაკავებულია 2 513 პირი, 30% არასრულწლოვანია; მათ შორის არიან 13, 15 და 16 წლის მოზარდები. სისხლისსამართლებრივ ბრალდებებს შორისაა: ძარცვა დამამძიმებელ გარემოებებში, ნაძარცვი ნივთების გასაღება და შეძენა, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებზე, პოლიციელებზე, ჟანდარმებზე, მეხანძრეებზე თავდასხმა, სხვისი ქონებისა და საჯარო შენობების განზრახ განადგურება და ცეცხლის წაკიდება.

განსაკუთრებული ზომებია მიღებული საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით. პოლიციას შეზღუდვის შემდეგ კვლავ მისცეს ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენების უფლება, ქუჩებში მობილიზებულია ჯავშანმანქანები და სპეცრაზმი. ასამბლეამ და სენატმა კი წესრიგის დასაცავად საგამოძიებო კომისიები შექმნეს. პარიზსა და ლიონში ამოქმედდა კომენდანტის საათიც. არასრულწლოვნებს ქუჩაში ღამით გასვლა შეეზღუდათ მარსელში, ბორდოში, ლილში, ნიცასა და გვადელუპაში. აქციები და დემონსტრაციები აიკრძალა პარიზის, ლიონის, მარსელისა და რენის ცენტრალურ ქუჩებში. ზოგიერთი ქალაქის მერი კი მთავრობას ახლა არმიის გამოყვანას და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც სთხოვს.

საფრანგეთის უმსხვილეს ქალაქებში განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნით პროტესტი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიწყო. მოძრაობებს მალევე შეუერთდნენ პალესტინის მხარდამჭერი და კომუნისტური პარტიები და მოძრაობები. ქუჩაში მიმდინარე შეტაკებების შედეგად ასობით მოსწავლე, სტუდენტი და პედაგოგი დაშავდა, სხეულის დაზიანება მიიღო 997 პოლიციელმაც. ცნობილია ისიც, რომ მიმდინარე აქციების მონაწილე ორი ადამიანი გარდაიცვალა, შემთხვევებს პროკურატურა იძიებს. მძიმედ დაშავებულ მოზარდებს შორის არიან: სენტ-ეტიენში - 17 წლის ბიჭი, რომელსაც პოლიციის ნასროლმა ყუმბარამ ხელი მოაწყვიტა; მიულუზში - 17 წლის გოგონა, რომელმაც ცრემლსადენი ყუმბარის მოხვედრით თვალი დაკარგა; კრიტიკულია კიდევ 2 პირის მდგომარეობა.

დღის ამბები